11:54 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბარახა: “მსაჯებს არც კი უფიქრიათ, რომ მომენტი VAR-ზე გადაემოწმებინათ“

„ვალენსია“ ნოუ კამპზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით დამარცხდა, თუმცა მატჩში ერთი საკამათო ეპიზოდი იყო, როდესაც ფრან პერესის წაქცევისთვის პენალტი არ დაინიშნა, რამაც „ღამურების“ გუნდის აღშფოთება გამოიწვია.



მატჩის შემდგომ, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი რუბენ ბარახა და გუნდის ფეხბურთელი უგო გილამონი უკმაყოფილებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ამ საკამათო მომენტის გამო მსაჯმა VAR-იც კი არ გამოიყენა:

“განმეორება ვნახეთ და კონტაქტი იყო, თუმცა მან გადაწყვიტა, რომ პენალტი არ უნდა დაენიშნა. ყველაზე ძალიან იმან გამაკვირვა, რომ მსაჯებს არც კი უფიქრიათ მომენტის VAR-ზე გადამოწმება. მათმა ამ ქმედებამ ძალიან გამაოცა“

„უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა მიზეზი ჰქონდა მსაჯს იმ მომენტში პენალტის არ დასანიშნად. ასეთ დროს როგორც წესი, მომენტი უნდა გადაიხედოს, განიხილოს და შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა მსაჯმა მაშინვე კუთხურის მოწოდებისკენ მიგვითითა. ჩვენ უქულოდ დავრჩით და ვგრძნობ, რომ ის მომენტი სხვანაირად უნდა დასრულებულიყო“ - განაცხადა ბარახამ

„მსაჯმა თავად თქვა, რომ კონტაქტი იყო და არ მესმის, რატომ არ დაინიშნა. VAR-ი იმისთვის არის, რომ მსგავსი მომენტები გადამოწმდეს და მსაჯს აღარ მოუწიოს გადაწყვეტილების მიღებაზე ფიქრი“ - ეს კი უგო გილამონის სიტყვებია.

საბოლოო ჯამში, „ბარსელონამ“ მეტოქე რაფინიას მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერან ტორესმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კარს საერთოდ ააცილა. „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა მატჩი 3 მოგერიებით დაასრულა.

„ვალენსია“ 23 ქულით მე-19 ადგილზეა და 11 მარტს, „ოსასუნას“ შეხვდება, ხოლო „ბარსელონა“ 62 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი „ბილბაოს“ დაუპირისპირდება. გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ოთხჯერ შეინახა, ხოლო 24 შეხვედრაში 28 გოლი გაუშვა.

0.114764