ფეხბურთი

21:43 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "კვარას შეცდომა? არა, თანაგუნდელების დახმარება სურდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან „ლაციოსთან“ მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო, ისაუბრა. როგორც იტალიელმა აღნიშნა, ფრე უფრო სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ისეთი მატჩებიც მოიგეს, რომელშიც მოგებას არ იმსახურებდნენ.

გარდა ამისა, სპალეტიმ გოლის მომენტზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს ხვიჩა კვარაცხელიას შეცდომა არ იყო.

„დიახ, ჩემი აზრით, საკმაოდ ცხადი და აშკარაა, რომ ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ბევრჯერ მოვახერხეთ ისეთი თამაშის მოგება, რომელშიც ფრე უფრო სამართლიანი იყო, ამიტომ წაგებას მთელი სიმშვიდით ვიღებთ და წინ მივდივართ.

გასახდელში რა ხდებოდა? წაგებას გადაჩვეულები ვიყავით, ამიტომ ბიჭები ძალიან წუხდნენ. ყველას ხელი ჩამოვართვი და ჩავეხუტე, ვუთხარი, რომ კარგად ითამაშეს და წაგებას არ იმსახურებდნენ, რადგან ბიჭების მხრიდან დიდი ძალისხმევა დავინახე.

გოლი? კვარამ კარგად ითამაშა, რადგან ბურთი იმ ზონაში იყო, გადაიწია თანაგუნდელებს რომ დახმარებოდა, მერე კი ვესინო გაჩნდა ზონაში და იპოვა ის ნაპრალი, ერთსანტიმეტრიანი ნაპრალი, რომლის პოვნა მხოლოდ მისნაირ ძლიერ ფეხბურთელებს შეუძლიათ“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და უპირატესობა სოლიდურია. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა. ყველა ტურნირზე კი ქართველი ფეხბურთელის აქტივში 27 თამაში, 12 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.11501