ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ახლავე პარიზის ოლიმპიადაზე ფიქრობს, სადაც ოქროს მედლისთვის ბრძოლას შეეცდება. მის გამარჯვებათა გალერეას, აქამდე მხოლოდ ოლიმპიური ოქროს მედალი აკლია.
მსოფლიოს პირველ ჩოგანს, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, 2012 (ლონდონი), 2016 (რიო) და 2021 (ტოკიო) წლებში კი მედლის გარეშე დარჩა. სერბი ამბობს, რომ ეცდება, პარიზის თამაშებისთვის, როდსაც 37 წლის იქნება, სრულ მზადყოფნაში იყოს.
პარიზის ოლიმპიური ტურნირი, როლან გაროსის თიხნარზე ჩატარდება, სადაც ჯოკოვიჩს თავისი 22 სლემ ტიტულიდან, ორი (2016 და 2021 წლებში) აქვს მოპოვებული.
„მე უკვე ოლიმპიადაზე ვფიქრობ. იმედი მაქვს, იმ დროისთვის ჯანმრთელად ვიქნები. იქ როლან გაროსის თიხნარზე თამაში მოგვიწევს, სადაც თამაშს მიჩვეული ვართ. იმედი მაქვს, ჩემი საუკეთესო ოლიმპიური გამოსვლა სწორედ მანდ მექნება“, - ამბობს ჯოკოვიჩი, ვინც კარიერაში უკვე 378-ე კვირაა, რაც რეიტინგის სათავეშია და ეს აბსოლუტური რეკორდია.