„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ფეხბურთის დღევანდელი მოდელი დაიწუნა. როგორც მან Radio 24-თან ინტერვიუში აღნიშნა, ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე თამაში არავის სურს.
დე ლაურენტისი არც სუპერლიგის მომხრეა, მაგრამ უეფას ტურნირებიც არ მოსწონს. ფიქრობს, რომ ფეხბურთში სიახლეებია საჭირო.
„ძალიან ბევრს ვთამაშობთ, ზედმეტად ვანგრევთ ჩვენს მოთამაშეებს და განსაკუთრებული რისკის ქვეშ ვაყენებთ, რაც შეიძლება შემდეგ კაპიტალის მძიმე დანაკარგში გადაიზარდოს სერიოზული ტრავმების შემთხვევაში. დღევანდელი საფეხბურთო სისტემა არ მუშაობს, მკვდარია.
ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი ახალგაზრდა თაობების ფეხბურთთან გაუცხოებაზე. ფეხბურთი არასდროს განახლებულა, ის უკიდურესად ძველია. თუ NBA და ამერიკული ფეხბურთი წელიწადში 10 მილიარდს გამოიმუშავებს, ამას მიზეზი ექნება. მეორე მხრივ, ევროპაში წარმატებას ვერ ვაღწევთ, რადგან ისევ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა გვაქვს. მაგრამ, ვის უნდა კონფერენს ლიგაზე ან ევროპა ლიგაზე თამაში? არავის სურს, მნიშვნელოვნად არავინ განიხილავს.
სუპერლიგას აბსოლუტურად არ ვემხრობი. თუმცა, სხვა გზა უნდა მოვძებნოთ. დღეს არასწორია ევროტურნირებზე თამაში და უეფასთვის 800 მილიონის შეგროვება, რაც არ ვიცით, სად მიაქვთ. გავაკეთოთ ევროპის ჩემპიონატი და მაგიდაზე 10 მილიარდი დავდოთ, სადაც ითამაშებენ წამყვანი ჩემპიონატების საუკეთესო 6-6 გუნდი ან პატარა ჩემპიონატების ჩემპიონებიც“, - თქვა დე ლაურენტისმა.