ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კვარა „ნაპოლიში“ პირდაპირ ყაზანის „რუბინიდან“ გადავიდა და არა „დინამო ბათუმიდან“, როგორც ეს ბევრს ჰგონია. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია მისი შესანიშნავი თამაშით და ის მილიონობით ადამიანის კერპია.
„ხვიჩა იმიტომ ათამაშდა, რომ სლუცკისთან მუშაობდა თუ იმიტომ, რომ სლუცკი დატოვა? პროვოკაციული შეკითხვაა. როდესაც ვსაუბრობთ ჩემს წვლილზე ფეხბურთელში, ყოველთვის ფეხბურთელს უნდა ჰკითხოთ. „რუბინში“ ჩემი მისვლის დროს, ის არ იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი და მხოლოდ გარკვეულ სათამაშო დროს იღებდა. საქართველოს ნაკრებშიც კი არ იძახებდნენ.
ხვიჩა „ნაპოლიში“ პირდაპირ „რუბინიდან“ წავიდა და არა „დინამო ბათუმიდან“. „ნაპოლისთან“ კონტრაქტი მაშინ გააფორმა, როცა ყაზანიდან წავიდა და საქართველოს ნაკრების განკარგულებაში იყო (გასული წლის მარტში, რის გამოც ალბანეთთან მატჩი გამოტოვა - რედ). იმ დროისთვის ის უკვე ეროვნული ნაკრების ჰიპერმთავარი მოთამაშე იყო, რადგან რამდენიმე გოლი გაიტანა, მათ შორის, ესპანეთის ნაკრებთან.
ჩვენ ვიმუშავეთ მასთან, ვეხმარებოდით. ვიცი, რომ ჩემი მადლიერია, არა მხოლოდ სპორტული, არამედ ზოგადად ზრდისთვის.
ახლა კვარა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ეს ობიექტური რეალობაა. ადამიანს საოცარი სტატისტიკა აქვს, ხუთ წუთში იტალიის ჩემპიონი იქნება, რაც „ნაპოლიში“ 1990 წლის შემდეგ არ მომხდარა.
მილიონობით ადამიანის კერპია. კარგია, რომ ადაპტაცია მაშინვე გაიარა, ამ საკითხზე ვღელავდი. ის ემოციური ფიგურაა, თუ კარგად მისდის ყველაფერი, ფრთები ეხსნება, თუ არა - მაშინ საკუთარ თავში იკეტება. კარგია, რომ მაშინვე აჩვენა ბრწყინვალე ინდივიდუალური მომენტები და სტატისტიკა“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელია 10 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.