ფეხბურთი

1:53 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "სიტისთან" უპირატესობა გაზარდა, "ლივერპული" ოთხეულს მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგაში მე-7 ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „არსენალმა“ „ევერტონი“ 4:0 გაანადგურა, რის შედეგადაც „მანჩესტერ სიტისთან“ სხვაობა გაზარდა.

ლივერპულელებმა „არსენალს“ 1 თვის წინ „გუდისონ პარკზე“ მოუგეს (1:0), მაგრამ „ემირეითს სთედიუმზე“ იგივე ვერ გააკეთეს. „არსენალმა“ პირველი ტაიმის ბოლოს გატეხა მეტოქე, როდესაც ბუკაიო საკამ და გაბრიელ მარტინელიმ ორჯერ გაიტანეს. მეორე ნახევარში მიკელ არტეტას გუნდმა უპირატესობა მარტინ ოდეგორისა და მარტინელის გოლებით კიდევ უფრო გაიმყარა.

შედეგად, „არსენალს“ 25 თამაშში 60 ქულა აქვს და „მანჩესტერ სიტის“ 5 ქულით უსწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 მარტს, შინ „ბორნმუთთან“ გამართავს. „ევერტონი“ 21 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 პოზიციაზეა.

სატურნირო ვითარება მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა „ლივერპულმა“, რომელმაც ასევე მე-7 ტურის გამოტოვებული შეხვედრა მოუგო „ვულვზს“ – 2:0. სხვათა შორის, ამ შემთხვევაშიც 1 თვის წინ (4 თებერვალს) „ვულვზმა“ იურგენ კლოპის გუნდი შინ 3:0 გაანადგურა, მაგრამ „ენფილდ როუდზე“ უქულოდ დარჩა. „წითლებმა“ მეტოქის გატეხვა მატჩის ბოლოს მოახერხეს: 73-ე წუთზე ვირჯილ ვან დეიკმა გახსნა ანგარიში, ოთხ წუთში კი მოჰამედ სალაჰმა სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლივერპულმა“ 39 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზე გადავიდა, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება, თან თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. კლოპის გუნდი მომდევნო ტურში 5 მარტს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

„არსენალი“ – „ევერტონი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 საკა (40), 2:0 მარტინელი (45), 3:0 ოდეგორი (71), 4:0 მარტინელი (80)

„ლივერპული“ – „ვულვზი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ვან დეიკი (73), 2:0 სალაჰი (77)

0.115324