ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „დერბი დელა მოლეში“ „ტორინო“ 4:2 დაამარცხა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს გაუჭირდა, მაგრამ დამსახურებულად მოიგო, რადგან მეორე ტაიმში მეტოქეზე ბევრად უკეთესი იყო. თუმცა, მანამდე პირველ ტაიმში „ტორინომ“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორჯერ უგებდა.
მეორე წუთზე ანგარიში იან კარამომ გახსნა და ტურინული დერბის ისტორიაში სერია A-ში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. 14 წუთში ხუან კუადრადომ მას უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. „ტორინო“ 43-ე წუთზე ანტონიო სანაბრიამ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში დანილომ შეძლო გათანაბრება და ტაიმი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმის სტარტზე ნიკოლო ფაჯოლის შესანიშნავი პასის მერე დუშან ვლაჰოვიჩს მეკარესთან პირისპირ გატანა მართებდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ უკვე ხარიხამ „იუვე“ გადაარჩინა კაროლ ლინეტის გოლისგან.
69-ე წუთზე ალეგრიმ თამაშში ფედერიკო კიეზა და რაც მთავარია, პოლ პოგბა ჩართო, რამაც შედეგი ორ წუთში გამოიღო. კიეზას პასით გლეისონ ბრემერმა გაიტანა - 3:2. 10 წუთის შემდეგ კი ადრიენ რაბიომაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პოლ პოგბამ „იუვენტუსის“ მაისურით ოფიციალურ მატჩში 2481 დღის შემდეგ პირველად ითამაშა - 2016 წლის 21 მაისის შემდეგ. შესაბამისად, მისი ხელახალი დებიუტი შედგა. მოგეხსენებათ, პოგბას ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. ფრანგისთვის ოფიციალური მატჩების მხრივ ეს პირველი თამაში იყო გასული წლის 19 აპრილის შემდეგ, როცა ჯერ კიდევ „მანჩესტერში“ თამაშობდა. პოგბამ რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავად იმოქმედა და დაამტკიცა, რომ კლასი ნამდვილად აქვს.
„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ყველა ტურნირზე კი ბოლო 7 თამაშია დაუმარცხებელია - 6 მოგება, 1 ფრე (მოგება/ფრე ევროპა ლიგაზე, მოგება იტალიის თასზე). „იუვენტუსს“ 35 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა, რომ არა -15 ქულა, მეორე ადგილზე ერთპიროვნულად იქნებოდა. მომდევნო შეხვედრას „ბებერი ქალბატონი“ 5 მარტს, სტუმრად „რომასთან“ გამართავს.
„იუვენტუსი“ – „ტორინო“ 4:2 (2:2)
გოლები: 0:1 კარამო (2), 1:1 კუადრადო (16), 1:2 სანაბრია (43), 2:2 დანილო (45), 3:2 ბრემერი (71), 4:2 რაბიო (81)