ფეხბურთი

23:48 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილის "კრემონეზემ" სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი თამაში მოიგო (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში 24-ე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ „რომა“ 2:1 დაამარცხა და სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ქართველ მცველს, რომელმაც გუშინ Fair Play-ს ჯილდო მოიგო, მაგრამ მატჩის გამო ცერემონიას ვერ დაესწრო, არ უთამაშია - ლუკა თადარიგში დარჩა.

მის გარეშე „კრემონეზემ“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც 27 წელი ელოდა, რადგან სერია A-ში მანამდე ბოლო თამაში 1996 წელს ჰქონდა მოგებული. კრემონელებმა ფრანკ ცაჯუსა და დანიელ ჩოფანის გოლებით იმარჯვეს. შუალედში ლეონარდო სპინაცოლამ გაათანაბრა, მაგრამ ეს „რომას“ არაფერში წაადგა.

ამ შეხვედრაში გააძევეს ჟოზე მოურინიო. ეს უკვე ჩვეულებად იქცა, რადგან მიმდინარე სეზონში ჟოზემ უკვე მოასწრო 3 წითლისა და 4 ყვითელი ბარათის მიღება - მწვრთნელისთვის დაუჯერებელი სტატისტიკაა.

„კრემონეზემ“ 12 ქულა დააგროვა, „სამპდორიას“ გადაასწრო და მე-19 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი გასვლაზე „სასუოლოს“ ეთამაშება. „რომა“ 44 ქულით მეხუთე პოზიციაზეა. სხვათა შორის, „კრემონეზემ“ „რომა“ მიმდინარე თვეში მეორედ დაამარცხა - 2 თებერვალს, რომში კრემონელებმა ასევე 2:1 მოიგეს, მაგრამ არა სერია A-ში, არამედ იტალიის თასის მეოთხედფინალში.

„კრემონეზე“ – „რომა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ცაჯუ (17), 1:1 სპინაცოლა (71), 2:1 ჩოფანი (82, პენ)

0.122181