ინგლისის პრემიერლიგაში ლონდონური დერბი შედგა, რომელშიც „ტოტენჰემმა“ „ჩელსი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პოზიცია გაიმყარა.
„დეზებმა“ 2:0 იმარჯვეს ნაანტრაქტევს ოლივერ სკიპისა და ჰარი კეინის გოლებით. მთლიანობაში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს.
„ჩელსი“ ძალიან ცუდ დღეშია, უკვე 5 ტურია პრემიერლიგაში გამარჯვება არ მოუპოვებია და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. გარდა ამისა, 2023 წელს მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო. გავიხსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც წააგო „დორტმუნდთან“ პირველი დუელი. არავინ იცის, გრემ პოტერს ნდობის მანდატი როდემდე ექნება.
„ჩელსი“ მსგავსი საშინელი შედეგების ფონზე ლოგიკურია, რომ 31 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა, ხოლო „ტოტენჰემს“ 45 ქულა აქვს და მეოთხე საფეხურზეა, თუმცა, „ნიუკასლს“, რომელსაც 4 ქულით უსწრებს, ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
„ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 სკიპი (46), 2:0 კეინი (82)