„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ „აინტრახტთან“ მატჩის წინ ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიურ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არ იცის, რა ღირს ამჟამად ქართველი ფეხბურთელი, რადგან ის უბრალოდ არ იყიდება.
„კვარაცხელია 100 მილიონზე მეტი ღირს? არ მინდა, იმედები გაგიცრუოთ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარი ჯერ ღია არაა და არ მიყვარს ზუსტი ციფრების დასახელება. მომწონს კონკრეტულ საკითხებზე ლაპარაკი. დღეისთვის ის ტრანსფერზე არაა, თან, არც ვიცი, რა ღირს, ამას დრო გვიჩვენებს და ის, რასაც მომავალში გააკეთებს. ის დიდებული ფეხბურთელია, ბედნიერები ვართ, რომ გვყავს, დანარჩენს მომავალი იტყვის“, - განაცხადა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს 10 მილიონ ევროდ შეიძინა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.