„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა „აინტრახტთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. მან „ნაპოლის“ გარდა, სხვადასხვა თემებზე მოკლედ ისაუბრა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაზეც.
როგორც დე ლაურენტისმა აღნიშნა, კვარას დამატება ჯერ კიდევ 3 წლის წინ სურდათ, როცა 18 წლის იყო და 30 მილიონი ევრო ღირდა, მაგრამ კორონავირუსის გამო შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო მისი შეძენა მოგვიანებით მოუწიათ.
„მწვრთნელები ყველა ფეხბურთელს არ იცნობენ, მათი საქმე ვარჯიშია და ყოველდღე თამაშებზე არიან კონცენტრირებული. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელმაც მწვრთნელობა იცის, სატრანსფერო ბაზარი კი ჩვენი, ჩემი და სპორტული დირექტორის საქმეა. 3 წლის ვმუშაობდით ერთი ფეხბურთელის ტრანსფერზე, მაგრამ შემდეგ კოვიდის გამო 200 მილიონი დავკარგეთ და მოგვიანებით მოგვიწია მისი შეძენა. იმ დროს ის 30 მილიონი ღირდა და საბოლოოდ, 10 მილიონად ვიყიდეთ. კი, კვარაცხელიას ვგულისხმობ, იმ დროს 18 წლის იყო“, - აღნიშნა დე ლაურენტისმა.
აქვე გეტყვით, რომ დე ლაურენტისი საპრესკონფერენციო დარბაზში იმიტომ შევიდა, რომ მედიისთვის ეთქვა ლუჩანო სპალეტის დაგვიანების ამბავი, რადგან გუნდი საცობის გამო სტადიონზე მისვლას აგვიანებდა. საბოლოოდ, კი ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწია.