დღეს გამთენიისას სოლტ ლეიქ სითიში NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლებრონ ჯეიმსისა და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდები დაუპირისპირდნენ და მატჩი ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა.
მატჩი ტრადიციულად სანახაობრივი და უხვქულიანი გამოვიდა. იანისის გუნდმა ლებრონის გუნდს 184-175 სძლია, მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება კი, რომელსაც კობი ბრაიანტის სახელი ჰქვია, „ბოსტონ სელტიქსის“ მოთამაშემ, ჯეისონ ტეიტუმმა დაისაკუთრა. მან ALL STAR-ებისთვის სარეკორდო, 55 ქულა ჩააგდო და ლარი ბერდის შემდეგ გახდა პირველი კალათბურთელი „სელტიქსიდან“, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
ამ წლის მთავარი სიახლე ის იყო, რომ მოთამაშეებმა თანაგუნდელები მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აირჩიეს. მატჩის პირველი პერიოდი ფრედ, 46:46 დასრულდა. შეხვედრის პირველი ქულები ერთ-ერთმა კაპიტანმა, იანის ანტეტოკუნმპომ აიღო, შემდეგ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა და აღარ უთამაშია, რადგან მას მაჯა აწუხებდა.
მეორე მეოთხედში იანისის გუნდმა მეტოქეს 53:46 აჯობა და ქველმოქმედებისთვის 100 000 დოლარიც გამოიმუშავა. შესვენებაზევე ცნობილი გახდა, რომ დარჩენილ შეხვედრას ლებრონ ჯეიმსიც აღარ ითამაშებდა, რადგან ხელის ტრავმა აწუხებდა. რა თქმა უნდა, ALL STAR-ის დროს ჯეიმსს, როგორ ყველა დროის საუკეთესო მექულეს, მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფებმა კარიმ აბდულ-ჯაბარმა და კარლ მელოუნმა აღნიშნული მიღწევა კიდევ ერთხელ მიულოცეს.
მესამე მეოთხედიც კვლავ იანისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 59:49, რაც ქველმოქმედებისთვის დამატებით 100 000-ს ნიშნავდა. ამ პერიოდში ლილარდმა გამოიჩინა ყველაზე მეტად თავი და შორეული 3-ქულიანიც ჩააგდო, რითაც თავის ტიტულს, სამქულიანების კონკურსის გამარჯვებულს, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ბოლო პერიოდი უკვე ლებრონის გუნდის გამარჯვებით, 34:26 დასრულდა, თუმცა საბოლოო ქულებით როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვება სწორედ იანის ანტეტოკუნმპოს გუნდს დარჩა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეთ უკვე ვთქვით, რომ ჯეისონ ტეიტუმი დასახელდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა რამდენიმე კალათბურთელსაც:
დონოვან მიტჩელი (იანისის გუნდი) - 40 ქულა, 10 პასი
ჯეილენ ბრაუნი (ლებრონის გუნდი) - 35 ქულა, 14 მოხსნა
ჯოელ ემბიდი (ლებრონის გუნდი) - 32 ქულა
კაირი ირვინგი (ლებრონის გუნდი) - 32 ქულა, 15 პასი
დემიენ ლილარდი (იანისის გუნდი) – 26 ქულა
NBA-ის ყველა ვარსკვლავის მომდევნო მატჩი 2024 წელს ინდიანაპოლისი უმასპინძლებს.