იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში მილანურმა გრანდებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს, თუმცა არცთუ ისე იოლად და ძნელი სათქმელია, რომ ეს მოგებები საჩემპიონო რბოლაში ჩასართველად საკმარისი თუ იქნება.
„მილანმა“ „მონცას“ 1:0 აჯობა. ჟუნიორ მესიასმა პირველ ტაიმში გაიტანა და დარჩენილ დროში „როსონერიმ“ უპირატესობა შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ ბოლო ერთ კვირაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო 1:0. „მილანი“ ნელ-ნელა გამოდის იმ კოშმარიდან, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ჰქონდა. სტეფანო პიოლის გუნდმა 44 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, თუმცა, ლიდერ „ნაპოლისთან“ 18-ქულიანი ჩამორჩენა აქვს და ფაქტია, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
„ინტერმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და რომელუ ლუკაკუმ აგვისტოს შემდეგ პირველი გოლი გაიტანა, სეზონში სულ რაღაც - მეორე. უდინელებმა ტაიმის ბოლოს გაათანაბრეს და სასურველ ანგარიშს 73-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, თუმცა შემდეგ ჰენრიხ მხითარიანმა და ლაუტარო მარტინესმა ორჯერ შეაგდეს და „ნერაძურიმ“ 47 ქულა დააგროვა. სიმონე ინძაგის გუნდი მეორეა, მაგრამ „ნაპოლიმდე“ 15 ქულაა და რთული წარმოსადგენია, რომ „ინტერმა“ ჩემპიონობისთვის რეალურად იბრძოლოს.
„ინტერი“ – „უდინეზე“ 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ლუკაკუ (20, პენ), 1:1 ლოვრიჩი (43), 2:1 მხითარიანი (73), 3:1 ლაუტარო (89)
„მონცა“ – „მილანი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 მესიასი (31)
„სამპდორია“ – „ბოლონია“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 სორიანო (27), 1:1 საბირი (68, პენ), 1:2 ორსოლინი (90)