ლონდონის „არსენალმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პრემიერლიგის 24-ე ტურში ბირმინგემში, „ასტონ ვილა“ დაამარცხა.
„ვილა პარკზე“ დრამატული შეხვედრა შედგა და „არსენალი“ ძალიან ახლოს იყო მორიგი ქულები დაეკარგა, მაგრამ ბოლოს მაინც მოიგო, რაც ჟორჟინიოს, ბედის და ემილიანო მარტინესის დამსახურებაა.
„ასტონ ვილამ“ მეხუთე წუთზე ოლი უოტკინსმა დააწინაურა, რასაც 11 წუთში ბუკაიო საკამ უპასუხა, მაგრამ ფილიპე კოუტინიომ ისევ უნაი ემერის გუნდი დააწინაურა და მასპინძლებმა ტაიმი 2:1 მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში „მეთოფეებმა“ დაქამბექება მოახერხეს.
61-ე წუთზე ოლექსანდრ ზინჩენკომ გაათანაბრა, მერე კი სტუმრები დიდხანს ვერაფერს ახერხებდნენ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე: მანამ, სანამ ჟორჟინიომ საჯარიმოს მისადგომებიდან არ გაისროლა და „არსენალს“ ცოტა არ გაუმართლა - ბურთი ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი ემილიანო მარტინესს თავში დაეცა და კარში აღმოჩნდა - 2:3. მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე „ასტონ ვილა“ კუთხურს აწვდიდა, როცა მეკარე მარტინესი საჯარიმოში გოლის გასატანად ჩავიდა, საპასუხოდ კი ლონდონელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს, რომელიც გაბრიელ მარტინელიმ ცარიელ კარში გოლით დაასრულა.
შედეგად, „არსენალმა“ 54 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა, „სიტის“ კი ისევ 3 ქულით უსწრებს. „ასტონ ვილა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და 28 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
„ასტონ ვილა“ – „არსენალი“ 2:4 (2:1)
გოლები: 1:0 უოტკინსი (5), 1:1 საკა (16), 2:1 კოუტინიო (31), 2:2 ზინჩენკო (61), 2:3 მარტინესი (90, ა.გ), 2:4 მარტინელი (90)