კალათბურთი

14:20 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი ტენერიფეს ესპანეთის თასის 1/2-ფინალში შეუძღვა, სადაც ხუვენტუდს დაუპირისპირდება

გიორგი შერმადინმა ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში ითამაშა და თავის ლენოვო ტენერიფეს გრან კანარიას დამარცხებაში დაეხმარა. ევროკალენდარი ასეა შედგენილი – უმეტეს ქვეყანაში თასის გათამაშების მატჩები იმართება და ის ქართველი კალათბურთელები, რომელთა გუნდებიც აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობენ, ეროვნულ გუნდს შეკრების პირველივე დღეებში ვერ უერთდებიან. შერმადინთან ერთად ასეა თორნიკე შენგელია და გიორგი კორსანტია, ვისი გუნდებიც შესაბამისად იტალიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის თასის გათამაშებაში მონაწილეობენ.

ესპანეთის თასის გათამაშების უიკენდი ქალაქ ბადალონაში მიმდინარეობს, სადაც მიმდინარე ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი შეიკრიბა. შერმადინის გუნდს ფინალამდე კარგი ბადე აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ სატიტულო მატჩამდე 2 ესპანურ ტიტანთაგან არც ერთი – არც ბარსელონა და არც რეალი არ ხვდება. შერმადინის გუნდმა მეოთხედფინალში გრან კანარიას 89:73 სძლია და ნახევარფინალში ტურნირის მასპინძელი, ბადალონას “ხუვენტუდს” შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ “ბასკონიას” 94:81 სძლია.

გრან კანარიასთან მატჩში „ტენერიფემ“ თავიდანვე მოიპოვა დიდი უპირატესობა, საწყის 20 წუთში 55:38 დაწინაურდა და შეხვედრის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა. შერმადინმა 19 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 6 ორქულიანი სტყორცნა და ექვსივე კალათაში მოათავსა. 26 ქულამდე ავიდა მისი თანაგუნდელი ხაიმე ფერნანდესი.

კატალონიური გუნდი თასის გათამაშებას სულაც გამოეთიშა. ბარსას უნიკახამ 89:97 მოუგო. კიდევ ერთ მეოთხედფინალში კი რეალმა უდაძაბულეს ბრძოლაში ვალენსიას 86:85 მოუგო. შესაბამისად, დღეს, 18 თებერვალს, ესპანეთის თასის ნახევარფინალში ტენერიფე ხუვენტუდს, ხოლო რეალი უნიკახას შეხვდება.

GBF.GE
0.119018