ფეხბურთი

2:18 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" "ნანტსაც" ვერ მოუგო, მატჩის ბოლოს მსაჯის გადაწყვეტილება საკამათო გახდა

ევროპა ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელი პლეი ოფის დღის მეორე ნაწილის ოთხი მატჩი გაიმართა.

ყველაზე დიდ ინტერესს „იუვენტუსისა“ და „ნანტის“ დაპირისპირება იწვევდა. ტურინული გრანდი წყვილში აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ასე აღარ არის. ტურინში ფრანგულმა გუნდმა ფრე ითამაშა და საპასუხო მატჩის წინ ჩინებული შანსი გაიჩინა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

„იუვე“ სწრაფად დაწინაურდა დუშან ვლაჰოვიჩის გოლით, რაც ანხელ დი მარიას დიდებული მოქმედების ნაყოფი იყო. მერეც მასპინძლებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, მეორე ტაიმის შუაწელს კი ფრანგების კონტრშეტევა გაეპარათ და ანგარიში გათანაბრდა. სხვათა შორის, „ნანტმა“ კარში ერთადერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე „იუვე“ პენალტს ითხოვდა, არცთუ უსაფუძვლოდ: ცარიელ კარში მიმავალი ბურთი „ნანტის“ მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა VAR-ზე გადაამოწმა მომენტი და შეტევაში ჯარიმა დააფიქსირა. შედეგად, 1:1 და „ნანტი“ საპასუხო მატჩის წინ გაცილებით კარგ ვითარებაშია, ვიდრე ტურინული გუნდი.

პრაქტიკულად მერვედფინალშია „სევილია“, რომელმაც შინ პსვ ეინდჰოვენი 3:0 დაამარცხა. მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა „მონაკომაც“, რომელმაც „ლევერკუზენს“ გასვლაზე 3:2 აჯობა. სამაგიეროდ, „სპორტინგისა“ და „მიდტიულანდის“ წყვილში ყველაფერი ღი აა - 1:1.

ოთხი მატჩი გაიმართა კონფერენს ლიგაზეც და ოთხივე 1:0 დასრულდა! „ლაციომ“ „კლუჟს“, ლარნაკას აეკ-მ „დნიპრო 1“-ს, „ლუდოგორეცმა“ „ანდერლეხტს“ და „პარტიზანმა“ „შერიფს“ მოუგო. ყველაზე კარგ სიტუაციაში „სერბული გუნდია, რომელმაც ეს გამარჯვება სტუმრად მოიპოვა.

0.150159