სხვა

0:49 | 16.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

დღეს ბაკურიანში სტარტს აიღებს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი. ზამთრის სახეობებში, ეს ყველაზე პრესტიჟული ტურნირია, რომლებისთვისაც საქართველოს უმასპინძლია. ის 16 თებერვალს იწყება და 5 მარტს დასრულდება.

ბაკურიანის ინფრასტრუქტურა ჩემპიონატისთვის მზადაა. ჩემპიონატს მისი სამი სტადიონი/ტრასა უმასპინძლებს, რომლებიც კოხტასა და დიდველზეა განლაგებული. შეჯიბრები კოხტას ერთ და დიდველის ორ ტრასაზე, 7 სახეობაში გაიმართება. ამათგან 2 სახეობა კოხტაზე ჩატარდება, 5 კი - დიდველზე.

შეჯიბრები შემდეგ სახეობებში გაიმართება:

  1. აერიალი: ეს არის ფრისტაილის თხილამურობის დისციპლინა, რომელშიც მონაწილეები მთიდან ეშვებიან და სპეციალურად მოწყობილ ტრამპლინზე ხტებიან, რა დროსაც, ჰაერში სხვადასხვა მოძრაობას ასრულებენ. ფასდება ნახტომის სიგრძე, დაშვების სისუფთავე და ილეთის სირთულე;
  2. PGS, ანუ პარალელური გიგანტური სლალომი: აქ ყველაფერი დაახლოებით ისეა, როგორც სამთო თხილამურების გიგანტურ სლალომში. განსხვავება ისაა, რომ ფერდბზე ერთდროულად ორი მონაწილე ეშვება. იგებს ის, ვინც ფინიშს პირველი გადაკვეთს;
  3. PSL, ანუ პარალელური სლალომი: აქ ყველაფერი ისეა, როგორც გიგანტურ პარალელურ სლალომში. ოღონდ, შეჯიბრი უფრო მოკლე და ტექნიკურ ტრასაზე ტარდება;
  4. სკიქროსი: ამ შეჯიბრში რამდენიმე მოთხილამურე ერთდროულად, ერთსა და იმავე ტრასაზე ეშვება და ფინიშთან პირველი მისული გამარჯვებულია;
  5. მოგული: ესეც თხილამურობის სახეობაა, ოღონდ მონაწილეებს გამოსვლა უწევთ ძლიერ დაბორცვილ ტრასაზე. გამრჯვებული ისაა, ვისაც საუკეთესო დრო აქვს;
  6. სნოუბორდი:

6-1. სნოუბორდ სლოუპსტაილი: შეჯიბრი სნოუბორდის ქვე-სახეობა სლოუპსტაილში ჩატარდება. ფერდობზე თოვლის დაფით დაშვებისას, მონაწილეს სხვადასხვა წინაღობის გადალახვა უწევს. ქულები სხვადასხვა პარამეტრით იწერება;

6-2. სნოუბორდ ქროსი: რამდენიმე მონაწილე ფერდობზე ერთდროულად ეშვება და იმარჯვებს ის, ვინც ფინითზე პირველი მივა;

6-3. სნოუბორდ ჰალფპაიპი: მონაწილეები მოხრილ დიდ დაფებს შორის, ფერდობის გასწვრივ, თოვლის დაფებით სრიალებენ. არის სკეიტბორდ ჰალფპაიპის ზამთრის ვერსია;

6-4. სნოუბორდ ბიგ ეარი: ამ სახეობაში მონაწილე სნოუბორდით ეშვება და თავბრუდამხვევ ნახტომებს ასრულებს. ერთგვარი ტრამპლინია, რომელზეც ჰაერში ილეთები სრულდება. ფასდება ტექნიკა და ნახტომის სიგრძე;

  1. ფრისკი:

7-1. ფრისკი სლოუპსტაილი: შეჯიბრი ამ სახეობის ქვე-სახეობა სლოუპსტაილში ჩატარდება. ფერდობზე თხილამურებით დაშვებისას, მონაწილეს სხვადასხვა წინაღობის გადალახვა უწევს. ქულები სხვადასხვა პარამეტრით იწერება;

7-2. ფრისკი ჰალფპაიპი: მონაწილეები მოხრილ დიდ დაფებს შორის, ფერდობის გასწვრივ, თხილამურებით სრიალებენ. არის სკეიტბორდ ჰალფპაიპის ზამთრის ვერსია;

7-3. ფრისკი ბიგ ეარი: ამ სახეობაში მონაწილე თხილამურებით ეშვება და თავბრუდამხვევ ნახტომებს ასრულებს. ერთგვარი ტრამპლინია, რომელზეც ჰაერში რთული ილეთები სრულდება. ფასდება ტექნიკა და ნახტომის სიგრძე.

მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრება უფასოა.

ქართველი მონაწილეები

მსოფლიო ჩემპიონატზე რამდენიმე ქართველი ათლეტიც მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ:

⛷️ბექა ბერძენიშვილი ბაკურიანელი მოთხილამურეა. როგორც ამბობს, სრიალი ფეხის ადგმასთან ერთად დაიწყო და პროფესიონალ სპორტსმენობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. კარიერის დასაწყისში სამთო-მოთხილამურე იყო, შემდეგ კი სკი ქროსის დისციპლინას დაეუფლა.

⛷️წარმატებით მონაწილეობდა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) არაერთ სარეიტინგო შეჯიბრებაში. 2021 წელს ჩეხეთში მესამე ადგილიც მოიპოვა. 2022 წელს ერთხელ მეორე ადგილს დაეუფლა, ხოლო ევროპის თასზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ გაიუმჯობესა რეიტინგი, რაც წელს მშობლიურ კუთხეში მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.

ლუკა ჩოფიკაშვილი საქართველოს სამგზის გამარჯვებულია სლოუპსტაილში. გერმანიაში, ევროპის თასზე მე-14 ადგილი ბიგ ეარში დაიკავა, ხოლო ბოსნიაში, სლოუპსტაილის დისციპლინაში მე-3 ადგილის მფლობელია.

ბოლო ერთი წელია აქტიურად ასპარეზობს ევროპის თასის გათამაშებაში.

რევაზ ნაზღაიძე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, პარალელურ გიგანტური სლალომის და პარალელურ სლალომში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

რევაზი საქართველოს რვაგზის ჩემპიონია და საერთაშორისო შეჯიბრებზე არაერთხელ უასპარეზია.

ბაკურიანელი მოთხილამურე დავით თედიაშვილი მცირე ასაკიდან სრიალებს. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში სკი ქროსის განვითარება დაიწყო და მის ფუძემდებლად მიიჩნევა.

დავითი არაერთი საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორია და საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული. წლევანდელი ჩემპიონატისთვის განსაკუთრებით ემზადება, რადგან ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება ბაკურიანში პირველად ტარდება.

ლაშა კურტანიძემ ბოლო მომენტში მოახერხა ქულების დაგროვება და დავით თედიაშვილთან და ბექა ბერძენიშვილთან ერთად, სკი ქროსში მიიღებს მონაწილეობას. ლაშა კურტანიძე სამი წლის ასაკიდან აქტიურად სრიალებს. 12 წლიდან კი, სამთო-სათხილამურო ნაკრების წევრია.

ლაშა სამთო-სათხილამურო სახეობის მრავალგზის ჩემპიონია. 2021 წლიდან სკი ქროსის გუნდს შეუერთდა და 11 თებერვალს, ჩეხეთში გამართულ შეჯიბრში, მესამე ადგილი მოიპოვა, რის შედეგადაც, ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ქულები დააგროვა.

0.16214