მადრიდის „რეალს“ ხვიჩა კვარაცხელია ისევ დაუკავშირეს. Cadena Ser-ი იტყობინება, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი მადრიდელთათვის ჯუდ ბელინგემის ალტერნატივაა.
„რეალის“ პირველი სამიზნე ზაფხულში „დორტმუნდის“ ნახევარმცველი იქნება, მაგრამ გერმანელები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვენ და ინგლისელს ბევრი მსურველიც ჰყავს, რის გამოც ტრანსფერის განხორციელება რთული იქნება. მის ალტერნატივად კი წყაროს თანახმად, კვარას განიხილავენ, რომელიც ბელინგემისგან სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს.
საქმე ისაა, რომ "რეალს" ზაფხულში სურს ვარსკვლავის სტატუსის მქონე ფეხბურთელი დაიმატოს. თუ ბელინგემს ვერ შეიძენენ, მათ სხვა ცენტრალური ნახევარმცველი არ სჭირდებათ და კვარაზე გადაერთვებიან. ამიტომაც, ესპანური მედია წერს, რომ კვარაცხელია ბელინგემის ალტერნატივაა. სხვა საკითხია, რომ „სამეფო კლუბში“ ხვიჩას პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი თამაშობს, რომელზეც მადრიდში ძალიან დიდ იმედს ამყარებენ. ქართველის შემთხვევაში კი წერენ, რომ მას მეორე თავდამსხმელად ან სულაც მარჯვენა ფლანგზე თამაშიც შეუძლია.
იტალიური მედია იტყობინება, რომ „ნაპოლი“ კვარაცხელიას არანაირი შეთავაზების შემთხვევაში არ გაყიდის და მომდევნო სეზონსაც იტალიაში გაატარებს. მასთან კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის გაზრდაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.