ავტოსპორტი

0:01 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარის“ ერთადერთ მიზნად ჩემპიონობა რჩება

ახალი სარბოლო ავტომობილის, SF-23-ის წარდგენისას, რომელიც მარანელოში ჩატარდა, „ფერარის“ ახალმა შეფმა, ფრანგმა ფრედ ვასერმა განაცხადა, რომ გუნდის ერთადერთ მიზნად, ორივე ტიტულის მოპოვება რჩება. ამასთან, ის მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს.

ვასერი „ფერარის“ სათავეში ერთი თვის წინათ ჩაუდგა და აღიარებს, რომ ბევრი სამუშაო აქვს შესასრულებელი. ამიტომ, ცვლილებები პირველი რამდენიმე ეტაპის შემდეგ განხორციელდება. თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს მარანელოელთა მუდმივ მიზანს - ტიტულებისთვის ბრძოლას.

„ფერარიმ“ გასული სეზონი ორივე ჩათვლაში მეორე ადგილზე დაასრულა. პილოტებს შორის, მეორე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა. გუნდებში კი იტალიელები მხოლოდ „რედ ბულს“ ჩამორჩნენ. გუნდმა სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ტექნიკის ხშირმა გაფუჭებამ, რბოლებისას სტრატეგიულმა შეცდომებმა და პილოტების შეცდომებმა, საქმე გააფუჭა.

სპორტულმა დირექტორმა ლორენ მეკისმა განაცხადა, რომ გუნდმა გასული სეზონის ყოვლის მომცველი მიმოხილვა შეასრულა და შესაბამისი დასკვნები გააკეთა. ინჟინრებმა არაერთი სიახლე მოამზადეს, რომლებიც ყველა სფეროს ეხება. მათ შორის, ძალურ დანადგარს, ტრანსმისიას და აეროდინამიკას.

0.117132