საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე კარიერას „ორლანდო მეჯიქში“ გააგრძელებს.
ამერიკული მედიის ცნობით, ქართველ ცენტრსა და ფლორიდულ კლუბს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ფინანსური დეტალები კი უცნობია. ბითაძეს რამდენიმე დღის წინ „ინდიანა პეისერსმა“ ხელშეკრულება გაუწყვიტა, რის შედეგადაც გოგა თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დარჩენა მაინც მოახერხა.
ბითაძე NBA-ს დრაფტზე 2019 წელს „ინდიანამ“ აირჩია, რომლის მაისურით მან 170 თამაში ჩაატარა, საშუალოდ კი 4.8 ქულას და 2.8 მოხსნას აგროვებდა. ქართველ კალათბურთელს კარიერის განმავლობაში თბილისის „ვითაში“, „მეგა ბიმაქსში“, „ბუდუჩნოსტსა“ და „სმედერევოში“ აქვს ნათამაშები. ბითაძე „ორლანდოში“ 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ფლორიდულ გუნდს ბითაძის გარდა 3 ნომინალური ცენტრი ჰყავს. განაცხადში აღნიშნულ პოზიციაზე ვენდელ კარტერი, ბოლ ბოლი და მორის ვაგნერი ირიცხებიან. სამივე მათგანი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 10 ქულაზე მეტს აგროვებს. ყველაზე კარგი სტატისტიკა კი ბითაძის მსგავსად 23 წლის კარტერს აქვს: 15.1 ქულა, 8.6 მოხსნა, 2.6 პასი.
„ორლანდო მეჯიქი“ 24 მოგებით და 34 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, თუმცა პლეი-ოფში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ აქვს. აღსანიშნავია, რომ „ორლანდოს“ ისტორიაში ბითაძე მეორე ქართველი კალათბურთელია - კალიფორნიელთა ღირსებას 2003-2004 წლების სეზონში ზაზა ფაჩულია იცავდა, როდესაც NBA-ში პირველი სეზონი ჩაატარა.