ფეხბურთი

22:35 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფ გალტიე: "ჩემმა ფეხბურთელებმა დიდ მატჩებში თამაში იციან"

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ კარგად იცის თავისი ფეხბურთელების შესაძლებლობები და წყვილში ფავორიტად არცერთ გუნდს მიიჩნევს.

"თითქმის ყველა ჩემი ფეხბურთელი მიჩვეულია ასეთ შეხვედრებს. ხარისხიანი მეტოქე გვყავს. ამ დიდ შეხვედრებში მათ იციან, როგორ აიმაღლონ დონე, მოთხოვნები. შანსი 50-50%-ზეა, რადგან „ბაიერნსაც“ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა. შემდეგ სიტუაცია გამოასწორეს, ჩვენ კი ვერ, მაგრამ წინა მატჩებთან შედარებით უფრო სრულყოფილი შემადგენლობა მყავს.

ნაგელსმანი არის ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება. ძალიან თანამედროვეა. ჩვენ კარგად შევისწავლეთ „ბაიერნი“, ვიმუშავეთ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. სუსტი მხარეებიც აქვს. მწვრთნელები ყველაზე მნიშვნელოვანი არ არიან, მთავარი მსახიობები არიან მოთამაშეები. ჩვენ მზად ვართ.

კილიან მბაპემ კვირას ინდივიდუალურად ივარჯიშა და დღეს გუნდთან ერთად. ექიმთან დისკუსიის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას ორშაბათს შეეძლო ვარჯიში. მისი დაბრუნება პოზიტიურია, იქნება თუ არა ის განაცხადში, გარკვეული არ არის. განვიხილავთ სამშაბათს დილით. პირველი კილიანს ვკითხავთ მისი გრძნობების შესახებ. იქნება დისკუსია სამედიცინო პერსონალთან, კილიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თუ ის განაცხადში იქნება, სათადარიგო სკამზე მაინც მოხვდება, მაგრამ რამდენ წუთს ითამაშებს არ ვიცი“, - თქვა გალტიემ.

პრესკონფერენციაზე პსჟ-ს ლიდერმა, ნეიმარმაც ისაუბრა, რომელმაც კილიან მბაპეზე ასევე გააკეთა კომენტარი:

„კილიანი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ყველანი მოედანზე ვართ, თავს უფრო ძლიერად ვგრძნობთ. ვიმედოვნებ, რომ ის სამშაბათს რამდენიმე წუთს ითამაშებს. ის კარგად არის და თავს კარგად გრძნობს.

ყველა თამაშს თავისი ისტორია აქვს. მიყვარს ამ დიდი მატჩების თამაში, დიდი მოთამაშეების, დიდი კლუბების წინააღმდეგ. სწორედ ამ მომენტებში ანათებენ ყველაზე მეტად დიდი ფეხბურთელები. ეს არ იქნება მარტივი თამაში, რადგან მიუნხენის „ბაიერნს“ ჰყავს შესანიშნავი ხარისხის ფეხბურთელები. ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. დეტალებს ყურადღება უნდა მივაქციოთ, ჩემპიონთა ლიგა მსოფლიო ჩემპიონატს ჰგავს, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომებს უშვებს, ყველაზე შორს მიდის. სირთულეებს განვიცდით, მაგრამ ხარისხი გვაქვს. ჩვენ ვიცით ჩვენი პოტენციალი.

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ფიზიკურად და გონებრივად. ზოგიერთი მატჩი უფრო რთულია, ვიდრე სხვები. გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და ასე გავაგრძელებ. ვენდობი ჩემს თავს და გუნდს. ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ჩემი თვისებები. ვიცით, რომ ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომ სამშაბათს შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ.

კამპოსთან კამათი? ჩვენს შორის დიდი პატივისცემაა. ზოგჯერ ჩვენ არ ვეთანხმებით, მაგრამ ყოველთვის ვესაუბრებით ერთმანეთს, რათა გავაუმჯობესოთ ის, რაც გასაუმჯობესებელია. „პარი სენ-ჟერმენი“ მიჩვეულია ყველა მატჩის მოგებას. როდესაც ჩვენ ვმარცხდებით, ეს იწვევს იმედგაცრუებას და მასზე საუბარი ჩვენს შორის არის ზრდისა და გაუმჯობესების პროცესის ნაწილი. ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ერთი და იგივე მიზნისთვის“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ბოლო ორი მატჩი წაგებული აქვს („მარსელსა“ და „მონაკოსთან“), „ბაიერნთან“ შეხვედრა კი 14 თებერვალს, 23:55 საათზე გაიმართება.

0.117754