ფეხბურთი

3:24 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ბიჭებმა კვარას იუბილე შუაღამისას მიულოცეს, გათენებას არ დაელოდნენ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „კრემონეზესთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან თამაში შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა, ოღონდ დაბადების დღის თვალსაზრისით.

„შესაძლებლობა გვაქვს განსაკუთრებული რაღაცები გავაკეთოთ, რადგან ყველა აღიქვამს მომენტის მნიშვნელობას. უპირველეს ყოვლისა, ქალაქი და ჩვენი გულშემატკივრები, რომლებმაც სტადიონი გაავსეს. ალბათ, გამარჯვების დიდი სურვილის გამო ვჩქარობდით და სწრაფად გვინდოდა თამაში დაგვეხურა, პირველ ტაიმში ჭკვიანურად ამიტომაც ვერ ვითამაშეთ.

ამ გუნდში კარგი ბიჭები არიან, რომლებიც ყოველთვის ხელმისაწვდომები არიან. შესანიშნავი პროფესიონალები, რომლებიც მოედანზე თავგანწირვისთვის მზად არიან, რომ ის შედეგი მიიღონ, რასაც ვაღწევთ. მატჩიდან მატჩამდე ვფიქრობთ, არ არსებობს სხვა აზრები, რომლებმაც შეიძლება დაგვაშოროს იმას, რაც გვინდა. ყველა დეტალს დაკვირვებით ვაანალიზებთ, მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე ვფიქრობთ.

კვარაცხელიას დაბადების დღე? რამდენიმე ჩათი გვაქვს და ბიჭები გათენებას არ დაელოდნენ, შუაღამისას მიულოცეს. ეს აჩვენებს, როგორი კლიმატია გუნდში“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველაზე ტურნირზე 23 მატჩში 11 გოლი, 12 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი დაუგროვდა, უშუალოდ სერია A-ში კი 18 თამაშში 9 გოლი, 9 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 59 ქულით ლიდერობს და მომდევნო ტურში 17 თებერვალს, „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.112321