საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქულ შეკრებაზე ისაუბრა, რომელიც დედაქალაქურმა კლუბმა დაასრულა.
„დინამომ“ თურქეთში 8 ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და ოთხჯერ დამარცხდა. ჭიაბრიშვილის განცხადებით, შეკრებაზე მთავარი არა შედეგი, არამედ მომზადება იყო, რითაც კმაყოფილია.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების მონდომებით, როგორც თამაშებზე, ისე ვარჯიშებზე. ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვართ. ჩემი აზრით, სპარინგებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ, რაც იყო კიდეც ჩემი მიზანი და მათ თავი კარგ დონეზე წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა იყო სპარინგები, რომელშიც მეტოქეებმა ძალიან გვაჯობეს, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. ეს მატჩები აუცილებლად წაგვადგება. ძლიერი მეტოქეები გვყავდა და მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. დანარჩენს საქართველოს ჩემპიონატი გამოაჩენს. ვფიქრობ, წელს კარგი, დაბალანსებული და კარგად მომზადებული გუნდი გვეყოლება. ყველა გუნდში, სადაც მიმუშავია, შეკრებაზე მიმყავს ფეხბურთელები, ვისაც ვენდობი, ვინც მინდა, რომ ვათამაშო. შეკრებაზე არ მაქვს მიზანი მოგება ან წაგება, მთავარია ფეხბურთელის განვითარება. ყველას დრო თანაბრად გავუნაწილეთ. შედეგი მთავარი იქნება ჩემპიონატში, სადაც ამდენი როტაცია არ იქნება და ისინი ითამაშებენ, ვინც უფრო მზად იქნებიან. სეზონის განმავლობაში კი თავის გამოჩენის შანსს ყველა მიიღებს.
მარცხენა მცველს ვეძებთ. დავით კობოურის გარდა, რამდენიმე ფეხბურთელი გამოვცადეთ ამ პოზიციაზე, რომლებსაც პოზიცია შევუცვალეთ. თუმცა ცხადია, გვჭირდება ერთი ფეხბურთელი ამ პოზიციაზე. იყო მოლაპარაკებები, არის კონტურები, მაგრამ რთულია ამ პოზიციაზე ფეხბურთელის შერჩევა. ვინც ვნახე არ მომეწონა, თუმცა მუშაობა მიმდინარეობს, რადგან მთელი სეზონის განმავლობაში ერთი მარცხენა მცველი საკმარისი არ არის, შეიძლება იყოს ტრავმები ან ფეხბურთელს დასვენება სჭირდებოდეს, ამიტომ, მეორე ფეხბურთელი საჭიროა. გარდა ამისა, გაძლიერებაზე კიდევ ვფიქრობთ და ტრანსფერებს ჯერ არ მოვრჩენილვართ“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.
შეგახსენებთ, „დინამო თბილისი“ საქართველოს ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის პირველ ტურში 25 თებერვალს, სტუმრად გორის „დილას“ დაუპირისპირდება.