ფეხბურთი

1:54 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" ისევ დამარცხდა და გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ბილბაო“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.



„ვალენსიასთვის“ მატჩი უსიამოვნოდ დაიწყო, რადგან მე-16 წუთზე გუნდს ედინსონ კავანი დაუშავდა და მისი შეცვლა გახდა საჭირო, თუმცა ეს მწუხარება 1 წუთში სიხარულად გადაიქცა, რადგან სამუ კასტილიეხომ ანგარიში გახსნა და გუნდი დააწინაურა.

„ბილბაომ“ ანგარიში მალევე გაათანაბრა. ნიკო უილიამსმა კარგი დრიბლინგის შემდეგ ზუსტად დაარტყა, ბურთი მამარდაშვილს ფეხებს შორის გაუძვრა და კარის ბადეში შევარდა.

„ვალენსია“ უტევდა და მომენტებსაც ქმნიდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბასკების მეკარე უნაი სიმონი გახდა, რომელმაც 7 ბურთი მოიგერია, თუმცა გოლი 72-ე წუთზე კვლავ სტუმარმა გუნდმა გაიტანა. ამჯერად ავტორი ოიან სანსეტი იყო, რომელმაც დააფიქსირა კიდეც საბოლოო ანგარიში.

გიორგი მამარდაშვილმა მატჩი მხოლოდ 1 მოგერიებით დაასრულა.

„ვალენსიას“ დღევანდელი მარცხი ნიშნავს იმას, რომ გუნდი 20 ქულით კვლავ დარჩა გასავარდნ ზონაში და უკვე ზედიზედ 6 მატჩია ლა ლიგაში არ მოუგია. მომდევნო მატჩს ქართველი მეკარის გუნდი 20 თებერვალს, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ გამართავს.

0.142112