ჯონ იზნერმა თავის მრავალფეროვან რეკორდების წიგნაკს კიდევ ერთი, საინტერესო რეკორდი დაამატა. ის გახდა ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც 500 ტაიბრეიქის მოგება მოახერხა.
37 წლის ამერიკელი დალასის ტურნირზე მონაწილეობს, სადაც მეოთხედფინალურ ეტაპზე ეკვადორელი ემილიო გომესი 2 სეტში, 7:6 (10:8), 7:5 დაამარცხა. ეს საინტერესო რეკორდი კი მან სწორედ პირველი სეტის მოგებისას დაამყარა.
იზნერის კარიერა საინტერესო იმით არის, რომ მას კიდევ რამდენიმე უჩვეულო რეკორდი აქვს დამყარებული. ამჟამინდელი რეიტინგის 39-ე ნომერმა 2010 წლის უიმბლდონზე ფრანგი ნიკოლას მაუტის წინააღმდეგ 11-საათიანი მატჩი ჩაატარა და ისტორიაში ამით შევიდა. ამავე მატჩში მან 253 კმ. საათიანი ჩაწოდება განახორციელა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწოდებაა ჩოგბურთის ისტორიაში.
ჯონ იზნერი ეისების რეკორდის მფლობელიცაა. მის ანგარიშზე 14 142 ეისია, რაც ჯერ-ჯერობით სხვებისთვის მიუღწეველი მაჩვენებელია. ასე რომ, იზნერმა ბოლო მატჩში თავის მრავალფეროვან რეკორდებს კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკის პირველობა დაამატა.
ამერიკელი ჩოგბურთელი დალასის ტურნირის ნახევარფინალში თანამემამულე ჯეფრი ჯონ ვოლფს დაუპირისპირდება.