დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, ჯუდ ბელინგემმა, „ჩელსიში“ და პსჟ-ში გადასვლაზე უარი განაცხადა. ფეხბურთელმა აღნიშნული კლუბების ოფიციალური შეთავაზებები უკვე უარყო - გვამცნობს Sport1.de.
წყაროს ცნობით, ბელინგემი გაურკვევლობაშია - ინგლისელმა არ იცის სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, დარწმუნებულია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში გადასვლა არ სურს. „ჩელსის“ კი ჯუდმა უარი დატვირთული სატრანსფერო კამპანიისა და კლუბის გაურკვეველი მომავლის გამო უთხრა. მოგეხსენებათ, „არისტოკრატები“ რესტრუქტურიზაციის პროცესში არიან.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა დორტმუნდის „ბორუსიის“ მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ბელინგემის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი“ და „ლივერპულიც“ იჩენენ.