სხვა

0:52 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბასინომ სუპერ-გიგანტში შიფრინს აჯობა

საფრანგეთის კურშეველში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.მესამე დღეს ქალთა შორის სუპერ-გიგანტის რბოლა გაიმართა, რომელიც იტალიელი მარტა ბასინოს გამარჯვებით დასრულდა. მან სულ რაღაც. 0.11 წამით აჯობა ამერიკელ მიკაელა შიფრინს.

შიფრინმა 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამჯერად, მთავარი ფავორიტი იყო, მაგრამ ბასინოს ჯობნა ვერ შეძლო. 26 წლის იტალიელმა პირველ სექტორში არცთუ კარგად ისრიალა, თუმცა მომდევნო ორ სექტორზე უსწრაფესი იყო.

ბასინოს მსოფლიო თასზე, გიგანტური სლალომის რბოლებში ექვსი მოგება აქვს, მაგრამ სხვა სახეობებში გამარჯვებები არ აქვს. თუმცა ამჯერად სწორედ „სხვა“ სუპერ-გიგანტი მოიგო. „სხვა რბოლებიდან“, მას ასევე პარალელური გიგანტური სლალომი აქვს მოგებული მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე.

„ეს მშვენერია. სუპერ-გიგანტი პირველად მოვიგე. უბრალოდ მსურდა, ისე მესრიალა, როგორც შემეძლო. ყოველ მოსახვევს ზღვარზე გავდიოდი. სიტყვები არ მყოფნის. საოცარია, ასე რომ ვისრიალე. ბედნიერი ვარ. ამ გამარჯვებამ, ჩემი შრომა და მონდომება დააგვირგვინა“, - განაცხადა ბასინომ. ის მეორე იტალიელია, რომელმაც კურშეველში ოქროს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილი ავსტრიელმა კორნელია ჰუტერმა და ნორვეგიელმა კაისა ვიკოფმა გაიყვეს, რომლებიც გამარჯვებულს 0.33 წამით ჩამორჩნენ.

0.117651