სხვა

22:36 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი: თუ რუსებს დაუშვებენ, ისინი „სისხლის მედლებს“ მოიპოვებენ

უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივე, რამდენიმე პრესტიჟული საკრივო გაერთიანების ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი, ოლეკსანდრ უსიკი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) მოუწოდებს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი ათლეტები პარიზის ოლიმპიადაზე.

მისი სიტყვებით, თუ ამ ქვეყნების ათლეტები მედლებს მოიპოვებენ, ეს მედლები მისი იმ თანამემამულეების სისხლით იქნება დასვრილი, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს შეეწირნენ.

უკრაინა აცხადებს, რომ თუ პარიზის ოლიმპიადაზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ, მისი ოლიმპიური კომიტეტი, თამაშებს ბოიკოტს გამოუცხადებს. უკრაინელები იმის წინააღმდეგნიც არინ, რომ რუსმა და ბელარუსმა ათლეტებმა, თამაშებზე ნეიტრალური სტატუსით იასპარეზონ.

რუსმა ათლეტებმა, ბოლო სამ ოლიმპიადაზე, ნეიტრალური სტატუსით მიიღეს მონაწილეობა, რისი მიზეზიც ია გარემოება გახდა, რომ მათ სახელმწიფო, დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევაში ეხმარებოდა.

უკრაინას იმედი აქვს, რომ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიაღწევს. ამ საქმეში მას ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ბევრი ევროპული ქვეყანა უჭერს მხარს.

„მე უკრაინელი ათლეტი ვარ. კრივში 2012 წელს მოგებული მაქვს ოლიმპიური ოქროს მედალი. ამჟამად კი მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი ვარ. თქვენ გსურთ, რომ ოლიმპიადაზე რუსი ათლეტები დაუშვათ. რუსული შეიარაღებული ძალები კი შეჭრილნი არიან ჩემს ქვეყანაში და მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ“, - უსიკი ამ სიტყვებით მიმართავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს.

„რუსული არმია ხოცავს უკრაინელ ათლეტებს და მწვრთნელებს, ანადგურებს სპორტულ არენებს, სპორტულ დარბაზებს. მედლები, რომლების მოპოვებაც რუს ათლეტებს პარიზში შეუძლიათ, სისხლიანი და ცრემლიანი იქნება“, - დასძენს უსიკი.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რუს და ბელარუს ათლეტებთან დაკავშირებით, IOC-ის გადაწყვეტილებას შეასრულებენ. არადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ რუსი და ბელარუსი ათლეტების არდაშვებისკენ მოუწოდა. ზელენსკის სიტყვებით, თუ ამ ქვეყნების სპორტსმენებს ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა მიეცემათ, ეს იმის ნიშანი დემონსტრირება იქნება, რომ „ტერორი გარკვეული დოზით მისაღებია“.

პარიზის მერმა ანე იდალგომ განაცხადა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში რუსი ათლეტების აღლუმში მონაწილეობა იგივე იქნება, რომ „არაფერი ხდება მაშინ, როდესაც უკრაინის თავზე ბომბები ცვივა“.

0.139412