ფეხბურთი

18:49 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ჩვენს ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ კვარაცხელია და ოსიმენი არ იყიდება!"
აურელიო დე ლაურენტისის ვრცელი ინტერვიუ გერმანულ მედიასთან

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გერმანულ გამოცემა Bild-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელმა ძალიან ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მომავალ მატჩებზე, მიმდინარე სეზონში თავისი გუნდი შესანიშნავ თამაშზე, სამომავლო გეგმებზე.

დე ლაურენტისმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელების მიმართ ინტერესი დიდია, მაგრამ მათ გაყიდვას არ აპირებს - არც ხვიჩა კვარაცხელიას და არც ვიქტორ ოსიმენის.

- რას ნიშნავს ტიტული ამ კლუბისთვის და ამ ქალაქისთვის?

- თავის ისტორიაში „ნაპოლიმ“ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ორივე მარადონას დროს. ამის შემდეგ კლუბი გაკოტრდა და სერია C-ში დაქვეითდა. შემდეგ კლუბში მე მივედი. ჩემი პრეზიდენტობის დროს და 19 წლის განმავლობაში აღვადგინეთ კლუბი, რომელიც გაკოტრების გამო აღარ არსებობდა. სერია A-ში რეკორდულ დროში დავბრუნდით და ზედიზედ 14 წელია ევროთასებზე ვთამაშობთ. ჩემპიონობა არაჩვეულებრივი ათწლეულის შესაფერისი კულმინაცია იქნებოდა. ქალაქისთვის ეს ნიშნავს პრესტიჟს, კარგ ბიზნესს და კეთილდღეობას.

- რა არის წარმატების მიზეზები?

- ზაფხულში წინდახედულად და თამამად ვიმუშავეთ, რომ შემადგენლობა უფრო ახალგაზრდული გაგვეხადა და გუნდი უმაღლესი დონის ტალანტებით გაგვეძლიერებინა. ლუჩანო სპალეტიმ მშვენივრად იცის, როგორ ათამაშოს ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები და ამიტომაც, ვთამაშობთ სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს.

- რა როლს ასრულებს მარადონას სული?

- ის არ იყო მხოლოდ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ნაპოლისთვის იყო ლეგენდა და ადამიანი, რომელმაც ნეაპოლიტანელებს ისეთი სპორტული წარმატებები მოუტანა, რაზეც მანამდე ფიქრსაც ვერ ბედავდნენ. არა მარტო ორჯერ მოიგო მოიგო სკუდეტო და ერთხელ უეფას თასი, არამედ ხალხს სიამაყე და თავდაჯერება შესძინა. მან აირჩია „ნაპოლი“, სადაც საუკეთესოდ თამაშობდა. ისეთ ჩემპიონზე ვსაუბრობთ, რომლის მსგავსი აღარასდროს იარსებებს. ჩვენ მის წინაშე ვალში ვართ და ახლა ვთამაშობთ მისი სახელობის სტადიონზე.

- რა ჟანრის ფილმს შეადარებდით ფრანკფურტის „აინტრახტს“?

- ჩემთვის „აინტრახტი“ უფრო თრილერია. ევროპა ლიგის მოგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. ბოლო პერიოდში „აინტრახტის“ აღმავლობა საოცარი იყო. დღეს ისინი გერმანიასა და ევროპაში უმაღლეს დონეზე არიან.

- როგორი რეაქცია გქონდათ წილისყრის შემდეგ?

- პირველი რეაქცია ის იყო, რომ ძალიან რთული და ცუდი წილისყრა არ იყო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ისინი შესანიშნავად თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, ორი სანახაობრივი თამაში შედგება, შანსი თანაბარია, ორივე გუნდს 50% აქვს.

- ნამდვილად?

- არ უნდა ვიფიქროთ, რომ „აინტრახტზე“ ბევრად უკეთესები ვართ. შარშან „ბარსელონას“ წინააღმდეგ მათი გამარჯვება ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომა, რაც „ბარსელონამ“ დაუშვა.

- ეს არის ევროპის დიდი გუნდების დაპირისპირება?

- „აინტრახტი“ ნამდვილად მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მწვერვალების დაპყრობა უცხოელი ინვესტორის გარეშე და დიდი ტრადიციით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის მასშტაბით კლუბების უმეტესობა დამოკიდებული არიან გარე ფულზე და ხარჯავენ აბსურდული რაოდენობის თანხებს. ჩვენი სტრატეგიაა დაბალი ხარჯების შენარჩუნება და ინვესტიცია ახალგაზრდა ფეხბურთელებში.

- „აინტრახტმა“ გულშემატკივრები უკვე გააფრთხილა, რომ ნეაპოლში უსაფრთხოების პრობლემები იქნება. ელით თუ არა, ძალადობის პრობლემებს?

- არა, დარწმუნებული ვარ, ფანებს პრობლემა არ ექნებათ, არც გერმანიაში და არც იტალიაში. სამწუხაროდ, კრიმინალი ყველგანაა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრები ევროპაში ყველაზე სამართლიანები არიან.

- „აინტრახტის“ რომელი მოთამაშე გამოადგებოდა „ნაპოლის“ ყველაზე მეტად?

- ვფიქრობ, ნდიკა, გიოტცე და კოლო მუანი, განსაკუთრებით მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ „ნაპოლის“ არცერთ ფეხბურთელს მათში არ გავცვლიდი.

- შეუძლია თუ არა, თქვენს გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება?

- ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მსოფლიოს სხვა საუკეთესო გუნდებიც არიან. მჯერა, რომ ნაპოლის შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, ამას ტოტალიზატორებიც ვარაუდობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეოთხე-მეხუთე სავარაუდო კანდიდატი ვართ ჩემპიონობის. რა თქმა უნდა, ზოგიერთი გუნდი უფრო ძლიერია, ვნახოთ, რა მოხდება.

- ზაფხულში კლუბმა გაუშვა კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე. სანაცვლოდ კი, საკმაოდ უცნობი მოთამაშეები მოვიდნენ. ჩემპიონატის მოგებაზე მაშინ ფიქრობდით?

- დიახ! ყოველთვის ვიცოდი, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი მყავდა. გასული ათწლეულის განმავლობაში ყოველთვის ვიყავით ოთხეულში და ხშირად მეორე ადგილზეც. მთავარი ისაა, რომ გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძოდა.

- „ნაპოლი“ სეზონის მეორე ნახევარში ხშირად უკლებს და ეცემა. ამის გეშინიათ?

- ბევრს ეგონა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩამოვიშლებოდით ან არ ვიქნებოდით ისეთი ძლიერები, როგორც ადრე. ეს მოსაზრება რა თქმა უნდა სისულელე იყო. თუ კარგი გუნდი გყავს, ჯანსაღი სიტუაციაა და დიდი მწვრთნელი გყავს, რატომ უნდა ჩამოიშალო? შიშზე არ ვფიქრობ, მეომარი უფრო ვარ.

- ასეთი წარმატებული სეზონის შემდეგ არ არსებობს რისკი, რომ ზაფხულში ფეხბურთელებს დაკარგავთ? სხვა კლუბებს ბევრი ფული აქვთ...

- ჩვენს ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, დიახ, ასეა, მაგრამ მე არ ვაპირებ მათ გაყიდვას. ვალები არ გვაქვს და მინდა გუნდში საუკეთესო შემსრულებებლები მყავდეს და ამჟამად მყავს. ჩემს მიერ გადაღებულ 400 ფილმში მყავდა იტალიური და მსოფლიო კინოს საუკეთესო მსახიობები და რეჟისორები. ასე იყო ფეხბურთშიც, ლავეცი, კავანი, ჟირჟინიო, იგუაინი, ჰამშიკი და ახლა ოსიმენი და კვარაცხელია. არ მგონია, რომ ზაფხულში კვარაცხელიას ან ოსიმენისნაირი ფეხბურთელები წავიდნენ.

- ამბობენ, რომ „ბაიერნის“ სიაში პირველი ოსიმენია...

- არ იყიდება!

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სერია A-ს ყველა კლუბმა ჯამში 20 მილიონი ევრო დახარჯა, პრემიერლიგაში კი ასობით მილიონი დაიხარჯა. ოდესმე პრემიერლიგის დონესთან დაწევა შესაძლებელი იქნება?

- ეს ყველაფერი აბსურდია და აჩვენებს, რომ ინგლისურ კლუბებს არა მათი მფლობელები, არამედ ფეხბურთელების აგენტები მართავენ. სპორტული დირექტორები, როგორც ჩანს მოთამაშეების აგენტებთან დაკავშირებული არიან.

- რომელ გენერალურ დირექტორთან გაქვთ ყველაზე კარგი ურთიერთობა?

- კარლ-ჰაინც რუმინიგესთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, როცა „ბაიერნს“ ხელმძღვანელობდა და ევროპული კლუბების ასოციაციაშიც ერთად ვმუშაობდით. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ასევე, ვფიქრობ, რომ ოლივერ კანი შეიძლება გახდეს შესანიშნავი მენეჯერი.

- ფეხბურთის განსავითარებლად რა იდეები გაქვთ?

- პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები ძველი თაობის არიან და ახალგაზრდებზე არ ფიქრობენ. ახალ თაობას აღარ სურს 2 საათი ტელევიზორის წინ ყოფნა, ისინი სმარტფონებს არიან მიჩვეული. გვჭირდება განახლებული ტემპის თამაში. მომხრე ვარ 15-წუთიანი შესვენების გაუქმების, ყოველ 10 წუთში 2-წუთიანი შესვენების შემოღების, როცა მწვრთნელებს თამაშში ჩარევა შეეძლებათ. ფეხბურთელების შეცვლა უფრო მეტი რაოდენობით უნდა იყოს დაშვებული, ყვითელი ბარათი 10 წუთით უნდა ისჯებოდეს, წითელი - 30 წუთით. ფეხბურთი 150 წლისაა და უნდა შევიცვალოთ. მაგალითად, ფორმულა 1 ბოლო წლებში ძალიან განვითარდა და მაყურებელს სრულიად ახალი პროდუქტი წარუდგინა.

0.117268