იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიას თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა და თქვა, რომ „ნაპოლიში“ პენალტისტის პრობლემა მოგვარებულია.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე სეზონშიც და განვლილ სეზონებში „ნაპოლის“ ფეხბურთელები პენალტებს ხშირად აფუჭებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ კომპონენტში კვარას ძალიან ეიმედებათ.
„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველ კურსზე სტაჟირება დაასრულა და პენალტების შემსრულებლად აღიარეს. „სპეციასთან“ მისი პენალტი სრულყოფილი იყო. ქართველის წყალობით, რომელიც ასე ურტყამს თერთმეტმეტრიანს, ცივად, საკმაოდ ძლიერად, აუღებლად, ჩვენ საბოლოოდ მოვაგვარეთ პრობლემა და ვიპოვეთ პენალტის შემსრულებელი. თუმცა, ახლა რჩება საჯარიმო დარტყმების პრობლემა, რაშიც არცთუ ისე ძლიერი სოლისტები გვყავს. „ნაპოლის“ ჯარიმების თვალსაზრისით ცხადია აკლია ჯანფრანკო ძოლას ან მირალემ პიანიჩის მსგავსი ჯარიმების სპეციალისტი“, - თქვა კიარიელომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ორი პენალტი შეასრულა და ორივე ზუსტად, „სპეციასა“ და „აიაქსის“ წინააღმდეგ. გარდა ამისა, ქართველმა ორი პენალტი ზუსტად დაარტყა ამხანაგურ მატჩებში, ზაფხულში „ჟირონასთან“ და ზამთარში „ვილიარეალთან“.