ავსტრალიის A ლიგის მე-15 ტურში ქართველმა შემტევმა, ბექა მიქელთაძემ „პერტ გლორის“ წინააღმდეგ ითამაშა და მოედანი საგოლე გადაცემით დატოვა.
მატჩის 59-ე წუთზე, როდესაც მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსი“ 1:0 მარცხდებოდა, ქართველის პასით რენო პისკოპომ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
„ნიუკასლ ჯეტსის“ განაცხადში იყო მეორე ქართველი ფეხბურთელი ბექა დარცმელიაც, თუმცა ის მოედანზე არ გამოჩენილა.
მიქელთაძისთვის მიმდინარე სეზონში ეს პირველი საგოლე პასი იყო. გარდა ამისა, ქართველს ავსტრალიის ჩემპიონატში 3 გოლიც აქვს გატანილი, მათ შორის წინა ტურში „ბრისბეინის“ კარში, რომელიც ტურის ერთ-ერთ საუკეთესო გოლად დასახელდა.
დღევანდელი ფრის შემდეგ, მიქელთაძის და დარცმელიას „ნიუკასლ ჯეტსი“ 18 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გუნდი 12 თებერვალს, „მელბურნ ვიქტორის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.