ავტოსპორტი

1:16 | 2.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკ შუმახერი „მაკლარენის“ სარეზერვო პილოტიც იქნება

„მერსედესის“ ახალი სარეზერვო პილოტი, მიკ შუმახერი, ამავე მოვალეობას კიდევ ერთ გუნდში, გერმანული კომპანიის ძრავების მომხმარებელ „მაკლარენში“ შეასრულებს.

მიხაელ შუმახერის შვილი, ვინც 2020 წელს ფორმულა 2-ის ჩემპიონი გახდა, წინ ორ სეზონში „ჰაასის“ საპრიზო პილოტი იყო და მხოლოდ ორი ქულის აღება შეძლო. თუმცა ეს ამერიკული გუნდის არაკონკურენტუნარიანი მანქანების შედეგი იყო.

გასული სეზონის ბოლოს, შუმახერმა „ჰაასში“ ადგილი დაკარგა, თუმცა კონტრაქტი „მერსედესთან“ გააფორმა და მისი სარეზერვო პილოტის როლი მოირგო. როგორც წესი, სამქიმიანები თავიანთ სარეზერვო პილოტებს, პარტნიორ გუნდებს - „ასტონ მარტინს“, „უილიამსს“ და „მაკლარენს“ უზიარებენ. ასე მოხდა შარშან, როცა ჰოლანდიელმა ნიკ დე ფრისმა „უილიამსის“ მანქანით იასპარეზა.

„მაკლარენს 2023 წლის სეზონში იმის საშუალება ექნება, რომ რეზერვად მიკი გამოიყენოს, რაც მერსედესთან ჩვენი ურთიერთობის ნაწილია. მოგესალმებით ჩვენს ოჯახში, მიკ“, - ნათქვამია „მაკლარენის“ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „მაკლარენის“ ახალი შეფი ანდრეა სტელა, თავის დროზე, მიხაელ შუმახერის სარბოლო ინჟინერი იყო. და ახლა მან ლეგენდარული პილოტის შვილი მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ „მერსედესმა“ შუმახერს W14-ის სავარძელი ორი დღის წინ მოარგო. გუნდი ძველი მანქანით ტესტებს პოლ რიკარის (საფრანგეთი) ტრეკზე ატარებს. იქ „პირელის“ ახალი საბურავების გამოცდა მიმდინარეობს. მანქანას ჯერჯერობით მხოლოდ ჯორჯ რასელი მართავს.

0.128802