ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 84:72 დაამარცხა.
იტალიელები საკმაოდ სოლიდურ უპირატესობას მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და საბოლოო გამარჯვებაც იოლად მოიპოვეს.
„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც იტალიელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
„ვირტუს ბოლონია“ 10 მოგებით და 12 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, „ლიონს“ სტუმრად დაუპირისპირდება.