საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „როდეზს“ დაუზავდა (1:1), გიორგი მიქაუტაძემ კი ეფექტური გოლი გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად და მეკარისგან შორეულ კუთხეში გაიტანა. ეს 63-ე წუთზე გააკეთა და თავისი გუნდი დააწინაურა. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო. თუმცა, „მეცმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა.
მიქაუტაძეს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა, მხოლოდ „ბორდოს“ ფეხბურთელ ჯოშ მაჯას ჩამორჩება 1 გოლით. „მეცი“ 33 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 თებერვალს, სტუმრად „ამიენს“ შეხვდება.
„ბორდომ“ ლიგა 2-ის ლიდერ „ლე ავრს“ უმასპინძლა და 1:2 წააგო. ზურიკო დავითაშვილმა 76-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მისმა გუნდმა მეორე და გადამწყვეტი გოლი მისი გასვლიდან ორ წუთში გაუშვა.
„ბორდო“ 36 ქულით მეორე-მესამე ადგილებს „სოშოსთან“ ერთად იყოფს, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, სტუმრად „პოს“ დაუპირისპირდება.