დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სასტუმრო პულმენში გაიმართა.
2022 წლის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს. მსოფლიოს და ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში ზედიზედ მეექვსედ გაიმარჯვა, რაც ცხადია, რეკორდია. 2016-2017 წლებში მან ერთიან გამოკითხვაში დაიკავა პირველი ადგილი, 2018, 2019, 2021 და 2022 წლებში კი ვაჟთა შორის. 2020 წლის რეფერენდუმი, ცნობილი მიზეზის გამო, არ ჩატარდა.
ლაშა ტალახაძემ 156 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე ძიუდოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგის პირველი ნომერი ტატო გრიგალაშვილი გავიდა (141), ხოლო მესამე ადგილი საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ხვიჩა კვარაცხელიას ხვდა წილად (112).
2018 წლიდან ასოციაცია ქალთა შორის საუკეთესოსაც ავლენს და ამ ნომინაციაში პირველი ადგილი ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს ხვდა წილად (75). მეორე ადგილი ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ დაიკავა (64), ხოლო მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი 23 ქულით მესამე გახლდათ.
ეთერ ლიპარტელიანმა ზედიზედ მესამედ მოიგო საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენის წოდება სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით. მან 2019 და 2021 წლებშიც პირველი ადგილი დაიკავა.
2022 წლის ნომერ პირველი ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია გახდა 36 ქულით. მეორე ადგილზე ალექსანდრე წივწივაძე გავიდა (28), ბატუტზე მხტომელი ანანო აფაქიძე კი მესამე იყო (26). ეს ხვიჩას ზედიზედ მეორე ტრიუმფია ამ ნომინაციაში.
წლის მწვრთნელის წოდება ძალოსანთა ნაკრების თავკაცს გიორგი ასანიძეს ხვდა წილად (46). ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო) მეორე გახლდათ - 41, ხოლო მორაგბეთა ეროვნული გუნდის დამრიგებელი ლევან მაისაშვილი მესამე (39).
თავის დროზე გიორგი ასანიძემ სამჯერ მოიგო სსჟა-ს ვერსიით წლის სპორტსმენის წოდება, ხოლო წლის მწვრთნელის ტიტული მეხუთედ მოიპოვა - 2016, 2017, 2018, 2019, 2022.
სსჟა-ს რეფერენდუმში მონაწილე 73-მა ჟურნალისტმა 2022 წლის უძლიერეს გუნდად ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დაასახელა (67). მეორე ადგილზე მორაგბეები გავიდნენ (66), ხოლო წყალბურთელებმა (15) მესამე ადგილი დაიკავეს.
ჟურნალისტებმა მეორედ გამოავლინეს წლის პარასპორტსმენები. მთავარი პრიზი ამჯერად ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს ხვდა წილად. შარშანდელი გამარჯვებული ნინა თიბილაშვილი (ეტლით ფარიკაობა) მეორე იყო, ვაჟთა შორის კი საუკეთესოდ აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი) დასახელდა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია