ფეხბურთი

17:49 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ზედიზედ მესამე თამაში წაგაო და ამჯერადაც დიდი ანგარიშით

„მილანს“ ბოლოს ასეთი ცუდი პერიოდი როდის ჰქონდა, რთული გასახსენებელია. იყო წლები, როცა „როსონერი“ 7 სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გადიოდა, მაგრამ ასეთი წარუმატებელი მოკლე მონაკვეთი მაშინაც არ ჰქონია.

„მილანმა“ ყველა ტურნირზე ბოლო სამი მატჩი წააგო, თანაც, ყველა შემთხვევაში განადგურდა. ამჯერად, სტეფანო პიოლის გუნდი შინ „სასუოლოსთან“ შერცხვა, იმ „სასუოლოსთან“, რომელმაც 24 ოქტომბრის მერე პირველად მოიგო...

2:5! ანგარიში თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. „მილანმა“ „სან სიროზე“ იტალიის ჩემპიონატში მინიმუმ 5 გოლი 1997 წლის შემდეგ პირველად გაუშვა. ბოლოს უარესი მატჩი „იუვენტუსთან“ 26 წლის წინ ჰქონდა, როცა 1:6 განადგურდა. გარდა ამისა, ისტორიაში პირველად სერია A-ს ზედიზედ ორ მატჩში გაუშვა მინიმუმ 4 გოლი და 2019 წლის მერე პირველად წააგო ზედიზედ სამი თამაში.

„სასუოლოს“ რიგებიდან ყველამ მაღალ დონეზე ითამაშა, განსაკუთრებით შემტევებმა, მაგრამ დომენიკო ბერარდი ცალკე უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა. მოკლედ, ეს მისი დღე იყო.

„მილანი“ კრიზისშია და ეს აშკარაა - სტეფანო პიოლის გუნდმა ბოლო სამ მატჩში 12 გოლი გაუშვა და ორი გაიტანა, რაც მთავარია, სამივე თამაში წააგო. „სასუოლოსთან“ 2:5-მდე იყო „ლაციოსთან“ 0:4 და იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ 0:3. საერთოდაც, „როსონერი“ ყველა ტურნირზე ბოლო 6 მატჩია ვერ იგებს. „სასუოლოს“, „ლაციოსა“ და „ინტერის“ გარდა, „ტორინოსთან“ წააგო და იტალიის თასიდან გავარდა, ხოლო სერია A-ში „რომასა“ და „ლეჩეს“ დაუზავდა.

„მილანი“ 38 ქულით მეოთხე ადგილზეა და სატურნირო ცხრილში ორი პოზიციით დაქვეითდა, მაგრამ ტურის დასრულების შემდეგ შეიძლება „რომამ“ და „ლაციომ“ გადაუსწრონ, ხოლო ლიდერ „ნაპოლის“ 12 ქულით ჩამორჩება და თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული. სტეფანო პიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს, „ინტერთან“ ჩაატარებს.

„მილანი“ – „სასუოლო“ 2:5 (1:3)

გოლები: 0:1 დეფრელი (19), 0:2 ფრატეზი (21), 1:2 ჟირუ (24), 1:3 ბერარდი (30), 1:4 ლორიენტე (47, პენ), 1:5 ენრიკე (79), 2:5 ორიგი (81)

0.148109