ჩოგბურთი

15:55 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია და რაფაელ ნადალს გაუტოლდა! (+VIDEO)

სტეფანოს ციციპასი ფინალის წინ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ფინალის მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა - ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის პირველი დიდი სლემის გამარჯვებულია.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ლეგენდამ ბერძენი ჩოგბურთელი 3:0 დაამარცხა, თუმცა სეტებში დაძაბულობა მაინც შეინიშნებოდა. ეს არ ითქმის მხოლოდ პირველ სეტზე, რომელიც ნოლემ იოლად, 6:3 მოიგო. ამისთვის ჯოკოვიჩს ერთადერთი ბრეიკი ეყო.

მეორე სტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო და საბოლოოდ საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ნოვაკმა 7:4 იმარჯვა და ჩემპიონობას კი ერთ ნაბიჯში მიუახლოვდა. მესამე სეტში სერბმა და ბერძენმა საწყის ორ გეიმში გაცვალეს ბრეიკები, მერე საკუთარ ჩაწოდებაზე შეცდომა აღარ დაუშვიათ და საბოლოოდ, ისევ ტრაიბრეიკი, სადაც კვლავ სერბი იყო უკეთესი (7:5) და ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა.

ნოვაკმა მხოლოდ 7 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო სტეფანოსს 3 ორმაგის შეცდომის საპირწონედ 15 ეისი დაუგროვდა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეათედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა და აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირის ფინალი მას არასდროს წაუგია. ეს სერბის კარიერაში დიდი სლემის 22-ე ტიტულია, რითაც რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა! ამგვარად, ჯოკოვიჩი ისტორიის წერას აგრძელებს და ისევ დაამტკიცა, რომ მწვერვალზე რჩება.

რაფა ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვჩს დიდი სლემის 22-22 ტიტული აქვთ, როჯერ ფედერერს 20, პიტ სამპრასს 14, ბიორნ ბორგს - 11. ქალებსაც თუ ჩავთვლით, სერენა უილიამსია წინ 23 ტიტულით, ხოლო შტეფი გრაფის აქტივში 22 დიდი სლემია.

სტეფანოს ციციპასი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 0:3 (3:6, 6:7, 6:7)

0.133123