ავსტრალიის ღია პირველობის 2023 წლის ჩემპიონი არინა საბალენკა გახდა. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ფინალში ყაზახი ელენა რიბაკინა სამ სეტში დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრა რიბაკინამ უკეთ დაიწყო და პირველი სეტი 6:4 ორი ბრეიკის ხარჯზე მოიგო. ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელთ საბალენკამ იგდო, რომელმაც მეორე სეტში მეტოქეს აჯობა და სეტის 6:3-ის მოსაგებად ერთადერთი ბრეიკი ეყო, რადგან ბელარუსი საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომო იყო. მესამე და გადამწყვეტი სეტის ბედის ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც საბალენკამ მეშვიდე გეიმში შეასრულა და 6:4 მოიგო.
ყაზახ ჩოგბურთელს 9 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ბელარუსს 17 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა. საბოლოოდ არინას ფინალის მოსაგებად 2 საათი და 29 წუთი დასჭირდა.
აქვე გეტყვით, რომ არიან საბალენკამ არათუ ავსტრალიის ღია პირველობა, არამედ დიდი სლემის ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. მან AUS OPEN-ზე მეექვსედ ითამაშა და ბელარუსი ჩოგბურთელის მაქსიმუმი მეოთხე წრეში გასვლა იყო.
24 წლის საბალენკას ამ ისტორიული გამარჯვებით 2000 სარეიტინგო ქულა დაემატება და მსოფლიო რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ხვალ მამაკაცთა ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბერძენი სტეფანოს ციციპასიი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით, 12:30 საათზე დაიწყება.
ელენა რიბაკინა - არინა საბალენკა 1:2 (6:4, 3:6, 4:6)