ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია და ტიტულისკენ დამაჯერებლად მიიწევს, მაგრამ კორტს მიღმა ის სკანდალშია გახვეული, რისი მიზეზიც მამამისი და მისი გულშემატკივრები არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ნოლეს მამა, სრდან ჯოკოვიჩი პრორუს სერბ ფანებთან ერთად აღნიშნავს გამარჯვებას პუტინის პოსტერსა და Z-ნიშანთან ერთად.
რასაკვირველია, ამან ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორთა აღშფოთება გამოიწვია. საინტერესოა ისიც, რომ ჯოკოვიჩის მატჩის დროს, რომელიც ალექსანდრ რუბლევთან გამართა, ტრიბუნებზე მისი პრორუსი ფანებიც იყვნენ მაისურებით, რომელზეც Z ეწერათ.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ამერიკელ ტომი პოლს 27 იანვარს დაუპირისპირდება.