„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლილიან ტურამმა განაცხადა, რომ ძალიან გაუხარდებოდა, თუ მის შვილს, მარკუს ტურამს „ბლაუგრანას“ მაისურით იხილავდა.
ლილიან ტურამი „ბარსელონას“ რიგებში 2006-დან 2008 წლამდე გამოდიოდა, მარკუს ტურამი კი ამჟამად „გლადბახის“ ფეხბურთელია და კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც იმყოფებდა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად.
ამჟამად ლილიანი ბარსელონაში იმყოფება, სადაც რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წიგნის პრეზენტაცია გამართა. ამ პერიოდში კი მან ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც მისი შვილის კატალონიურ კლუბში თამაშზე ისაუბრა:
„მე ჩემი შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. მარკუსის „ბარსელონაში“ თამაში ოცნების ასრულება იქნება.“ - განაცხადა ლილიანმა.
მარკუს ტურამის შეძენით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. იგი კატალონიის „ბარსელონასაც“ დაუკავშირეს. უმცროსი ტურამი „გლადბახის“ ღირსებას 2019 წლიდან იცავს, სადაც 119 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.