ფეხბურთი

16:47 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტეში მარკ კლატენბურგი დააშინეს და ქვეყნიდან გაიქცა

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა მარკ კლატენბურგმა, რომელიც ინგლისიდან წავიდა და სამსაჯოდ აზიაში გადავიდა, ბოლოს კი ეგვიპტეში მსაჯთა კორპუსს ხელმძღვანელობდა, უსაფრთხოების გამო თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.



ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კლატენბურგის წინააღმდეგ დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა ეგვიპტის ჩემპიონატის კლუბ „ზამალეკის“ პრეზიდენტი მორტადა მანსური, რომელიც ეგვიპტურ ფეხბურთში მის როლს აკრიტიკებდა. კლატენბურგის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ გულშემატკივრებიც.

თავად მსაჯი ამბობდა, რომ მის გადაწყვეტილებებს, სხვადასხვა მატჩებზე სხვადასხვა მსაჯის დანიშვნასთან დაკავშირებით, ლიგა ცვლიდა და მას არ აძლევდა უფლებას, დიდ მატჩებზე არბიტრები სხვა ქვეყნებიდან მოეწვია.

წყაროს ინფორმაციით, ყოფილ მსაჯს ბოლო ორი თვის ხელფასი არ აუღია. მისი ანაზღაურება ეგვიპტეში 32 000 ფუნტს შეადგენდა.

ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის დირექტორთა საბჭომ საგანგებო შეკრება მოიწვია, რათა კლატენბურგის გადადგომის რატიფიცირება მოეხდინა.

მარკ კლატენბურგი ინგლისის პრემიერლიგის მატჩებს 2004-2017 წლებში მსაჯობდა და ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მსაჯად მიიჩნეოდა. 2012 წელს მან ოლიმპიადის ფინალი კი 2014 წელს უეფას სუპერთასი იმსაჯა. მისი კარიერის პიკი კი 2016 წელი იყო, როდესაც როგორც ჩემპიონთა ლიგის ფინალის, ასევე ევრო 2016-ის ფინალის მსაჯობა ანდეს.

0.121856