ფეხბურთი

2:02 | 25.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "მილანი" გაანადგურა, "ნაპოლი" მეორე წრეს +12 ქულით დაიწყებს

„ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მეორე წრეს 12-ქულიანი უპირატესობით დაიწყებს - ამას ალბათ ყველაზე კარგ სცენარშიც ვერ დაწერდნენ ნეაპოლური კლუბის ქომაგები.

მე-19 ტური „მილანის“ განადგურებით დასრულდა, რომელიც „ლაციოსთან“ 0:4 დამარცხდა. პირველ ტაიმში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა და მატია ძაკანიმ გაიტანეს, მეორე ნახევარში ლუის ალბერტომ და ფელიპე ანდერსონმა. ამრიგად, მაურიციო სარის გუნდმა იტალიის ჩემპიონს ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარა და აბსოლუტურად ყველაფერში დაჯაბნა.

„მილანი“ კრიზისშია და ეს აშკარაა - სტეფანო პიოლის გუნდმა ბოლო ორ მატჩში 7 გოლი გაუშვა და ვერ გაიტანა. „ლაციოსთან“ 0:4-მდე იყო იტალიის სუპერთასზე „ინტერთან“ 0:3. საერთოდაც, „როსონერი“ ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩია ვერ იგებს. „ლაციოსა“ და „ინტერის“ გარდა, „ტორინოსთან“ წააგო და იტალიის თასიდან გავარდა, ხოლო სერია A-ში „რომასა“ და „ლეჩეს“ დაუზავდა.

ამრიგად, „ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია და „მილანს“ 12 ქულით უსწრებს, რომელიც მიუხედავად მეტისმეტად წარუმატებელი პერიოდისა, მეორე პოზიციას ინარჩუნებს. თუმცა, იტალიის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან „ლაციო“, „ინტერი“ და „რომა“, 3 ქულით - „ატალანტა“. სხვათა შორის, „იუვენტუსისთვის“ 15 ქულა რომ არ დაეკლოთ, მასაც 38 ქულა ექნებოდა.

როგორც ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, „ნაპოლის“ ჩემპიონობის განუმეორებელი შანსი აქვს! 12-ქულიანი უპირატესობა ძალიან სოლიდური სხვაობაა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან.

წინ კი, მეორე წრეა, 19 ტური უკვე გავიდა, კიდევ 19 ტური იქნება.

„ლაციო“ – „მილანი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (4), 2:0 ძაკანი (38), 3:0 ლუის ალბერტო (67, პენ), 4:0 ფელიპე ანდერსონი (75)

0.115732