საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ბორდოში“ თავის ტრანსფერს გამოეხმაურა. როგორც მან თქვა, იყო შანსი „ლორიენში“ გადასულიყო, მაგრამ ფრანგულ კლუბს 3 კვირა ელოდა და შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჟირონდელთა რიგებში ეთამაშა.
„ბოლო პერიოდში ჩემს „ბორდოში“ ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი სხვადასხვაგვარი ინფორმაცია და პოზიცია გაჟღერდა, რასთან დაკავშირებითაც მიწევს კომენტარის გაკეთება, მეტი კონკრეტულობისთვის და ცრუ ვერსიების უარსაყოფად.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვის ემოციებით სავსე იყო. ძალიან ახლოს ვიყავი „ლორიენში“ გადასვლასთან, მე და მამუკა ვესაუბრეთ გუნდის ხელმძღვანელებს, ვილი სანიოლმაც დაურეკა მათ და 20 დღე ველოდეთ პასუხს, თუმცა მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა, მამუკა ჯუღელმა დაიწყო ახალი გუნდის ძებნა და "ბორდოს" ვარიანტი შემომთავაზა. ბორდოს გარდა, მამუკას რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, ერთად გადავწყვიტეთ, რომ წამოვსულიყავით აქ, რადგან ეს ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივისთვის, ყველაზე მომხიბვლელი ვარიანტი იყო.
რთული ზაფხული იყო ნამდვილად, რადგან ბევრი ფიქრის და საბოლოოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია, რა მომენტშიც ჩემი ოჯახი, მამუკა და ახლობლები მეხმარებოდნენ. დიდი როლი ითამაშა ჩემმა აგენტმა, მამუკა ჯუღელის აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი კარიერის ბევრი წარმატებული ეტაპი სწორედ მისი დამსახურებაა“, - დაწერა ზურიკომ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ბორდოს“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.