სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

10:08 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ლეიკერსმა“ 25-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და „ტრეილ ბლეიზერსი“ დაამარცხა

„მოდა ცენტრში“ უშუალო კონკურენტების, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსისა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ შეხვედრა გაიმართა, რომელიც ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი გამარჯვებით დასრულდა.



პირველი ტაიმის შემდგომ, „ბლეიზერსი“ მეტოქეს 25 ქულით ამარცხებდა, თუმცა მეორე ნახევარში „ლეიკერსმა“ თამაში იპოვა, ეს უპირატესობა აღმოფხვრა და საბოლოოდ, მეტოქე 121:111 დაამარცხა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოედანზე ლოს ანჯელესის წარმომადგენლებმა გამარჯვება 2019 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო 37 ქულითა და 11 მოხსნით NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულეობისთვის მებრძოლი ლებრონ ჯეიმსი იყო. ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა თომას ბრაიანტსაც, რომელმაც 31 ქულასთან ერთად 14 მოხსნაც დააგროვა და იმ ხანგრძლივი ჩამორჩენის შემდგომ, „ლეიკერსი“ პირველად მეოთხე მეოთხედში სწორედ მისმა სამქულიანმა გაიყვანა.

„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ ანფერნი სიმონსმა ულიდერა. მის ანგარიშზე 31 ქულა იყო. 24 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა დემიენ ლილარდმა. მათ შორის ერთი თითქმის ცენტრიდან ჩაგდებული სამქულიანიც ერია.

ამ გამარჯვების შემდგომ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 25 მარცხით მე-12 ადგილს იკავებს. „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ მათი უშუალო კონკურენტია, რომელსაც დღეს წაგების შემდგომ, 21 მოგება და 25 წაგება დაუგროვდა და „ელეის“ ქვემოთ იმყოფება.

მომდევნო მატჩს „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 25 იანვარს, „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ კი 24 იანვარს, „სან ანტონიო სპერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115482