ფეხბურთი

0:34 | 23.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

Marca: კვარაცხელიას მომდევნო ტრანსფერი 100 მილიონადაა მოსალოდნელი
სიაში ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, დუშან ვლაჰოვიჩი და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ

ესპანურმა Marca-მ სტატია გამოაქვეყნა ფეხბურთელებზე, რომელთა მომდევნო ტრანსფერი მინიმუმ 100 მილიონ ევროდაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ სიაში არაერთ ვარსკვლავთან ერთად „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა. ქართველი შემტევის შესახებ ესპანური საიტის ვებგვერდზე წერია:

„ქართველი ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი სენსაციაა, ისევე, როგორც მისი „ნაპოლი“. კვარაცხელიას სტატისტიკა (9 გოლი და 10 საგოლე პასი) და მწვანე მოედანზე ნაჩვენები სენსაციური თამაში გვაფიქრებინებს, რომ გარემარბი მსოფლიო დონის გუნდში მოხვდება, „ნაპოლის“ დაკნინების გარეშე. იურგენ კლოპმა მაგალითად ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ ის უკვე შეაქო. თუმცა, „ნაპოლის“ სასარგებლოდ სამი ასპექტია: ხანგრძლივი კონტრაქტი (2027 წლამდე, 2028 წლამდე მოსალოდნელი განახლებით), ფეხბურთელის სურვილი ზრდა ნეაპოლში გააგრძელოს და აურელიო დე ლაურენტისი! სამხრეთული კლუბის ხელმძღვანელთან მოლაპარაკება არც ისე ადვილია“, - წერს Marca.

კვარაცხელიას გარდა ესპანურმა გაზეთმა სიაში შეიყვანა გონსალო რამოში (ბენფიკა), დუშან ვლაჰოვიჩი (იუვენტუსი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), იოშკო გვარდიოლი (ლაიფციგი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), რაფაელ ლეაუ (მილანი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა) და ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი).

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 20 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.124598