სხვა

1:29 | 22.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიელმა სტუჰეცმა კორტინაში მეორე დაშვება მოიგო

ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სლოვენიელმა ილკა სტუჰეცმა, კორტინა დ’ამპეცოში სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის დაშვების რბოლა მოიგო. ამერიკელი მიკაელა შიფრინი კი, ვინც 83-ე გამარჯვებისთვის იბრძოდა, ამჯერადაც კვარცხლბეკის მიღმა დარჩა და მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

სტუჰეცმა წინა დღით, ასევე დაშვების რბოლა, მეორე ადგილზე დაასრულა - იტალიელ სოფია გოჯასთან დამარცხდა. მაგრამ ამჯერად, ქარის გამო დამოკლებულ ტრასაზე, შეუდარებელი იყო. მან 0.24 წამით აჯობა ნორვეგიელ კაისა ვიკჰოფს, ვისთვისაც ეს კარიერაში, სულ მეორე კვარცხლბეკია.

„ამდენი წლის შემდეგ გამარჯვება იოლი არ იყო. ამ დროში იმდენი რამ მოხდა. ეს ნამდვილი სიგიჟეა. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი - რატომ ვაკეთებ ამას? მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ გავაგრძელე, შინაგან გრძნობას დავუჯერე და ბრძოლა გავაგრძელე. დღეს კი ვისიამოვნე“, - განაცხადა 32 წლის სტუჰეცმა, ვისთვისაც ეს 2018 წლის შემდეგ, მსოფლიო თასზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

გოჯამ ამჯერად რბოლა ვერ დაასრულა და ბედად, ტრავმას გადაურჩა. მესამე ადგილი მისმა თანამემამულემ, ელენა კურტონიმ დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.35 წამით ჩამორჩა.

0.118223