ფეხბურთი

20:50 | 21.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩას ევროკონკურენტმა მუდრიკმა, „ჩელსიში“ პირველად ითამაშა

დღეს, 21 იანვარს, პრემიერლიგის 21-ე ტურის „ლივერპული““ და „ჩელსის“ მატჩის 55-ე წუთზე (0:0), ლონდონელთა შემადგენლობაში მათი 100-მილიონიანი შენაძენი, მიხაილო მუდრიკი პირველად გამოჩნდა.

„ჩელსიმ“ მასში 89 მილიონი გირვაქა (100 მილიონი ევრო) გადაუხადა დონეცკის „შახტარს.“ ეს უკრაინული ფეხბურთისთვის სარეკორდო ტრანსფერია. 22 წლის მიხაილომ რვაწლიანი კონტრაქტი გააფორმა „არისტოკრატებთან,“ რაც ცოტა უცნაურია ხანგრძლივობის მხრივ - 2031 წლის 30 ივნისამდე...

მას ხვიჩა კვარაცხელიას კონტექსტშიც მოიაზრებენ ხოლმე, რადგან ტოლები არიან. ის 2001 წლის 5 იანვარსაა დაბადებული, ხვიჩა ამავე წლის 12 თებერვალს. მიხაილოც მარცხენა გარემარბია. ეს კრასნოგრადელი (ხარკოვის ოლქის პატარა ქალაქია) ბიჭი სტილით და აღნაგობით ძალიან მაგონებს უკრაინული ფეხბურთის ლეგენდას, ოლეგ ბლოხინს.

კვარა-მუდრიკთან ერთად „მილანის“ მემარცხენე რაფაელ ლეაოსაც ახსენებენ ხოლმე, ახალი თაობის ნიჭიერი მოთამაშეების ასპექტში. თუმცა რაფაელი ამ ორეულზე ორი წლით უფროსია.

მინდორზე გასვლიდან რამდენიმე წუთში მარცხენა ფრთიდან მიხაილომ ძალიან სახიფათოდ შეუტია, საჯარიმოში რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, მაგრამ ბურთი კარის ბადეს გარედან მოარტყა. მალევე ჯეიმს მილნერს „მიაღებინა“ ყვითელი ბარათი.

ზოგჯერ ცენტრისკენ იწევდა და არც პასი დაუგვიანებია პარტნიორებისთვის. მერე „მანჩესტერის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, გარი ნევილმა, ტვიტერში დაწერა: მუდრიკის თამაში სულ ათი წუთით ვნახე, მაგრამ მის წინააღმდეგ დაცვაში დგომას არ ვისურვებდიო.

ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა კი მატჩის შემდეგ თქვა: „მუდრიკს დიდი ხანია ფეხბურთი არ უთამაშია. სეზონის შუაში უკრაინის ჩემპიონატში ხანგრძლივი შესვენება იყო. ნელ-ნელა მივცემთ სათამაშო დროს. მაგრამ უკვე დღესვე შეგეძლოთ დარწმუნებულიყავით, რა დონის ფეხბურთელია.“

0.128802