ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფულვიო კოლოვატიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ამ გუნდის მთავარი კონკურენტი ისევ თვითონ „ნაპოლია“. კოლოვატის განცხადებით, „აძურის“ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს - ხვიჩა კვარაცხელია.
„წელს მხოლოდ სპალეტის ფეხბურთელებს შეუძლიათ სკუდეტოს დაკარგვა, მაგრამ ასე თუ გააგრძელებენ, მათი გაჩერება ძნელი იქნება, რადგან რეალურად მხოლოდ „ინტერთან“ მატჩი ჩააგდეს.
ცხადია, „ნაპოლის“ შედეგები შთამბეჭდავია, მათ ჰყავთ ოსიმენი, საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც პენალტებსაც არ ურტყამს, მათ ჰყავთ კვარაცხელია, რომელიც ჩემი აზრით, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია და ჰყავთ კიმი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. აგვისტოში კულიბალის, მერტენსის, ინსინიესა და ფაბიან რუისის წასვლის შემდეგ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ახლა, რეალურად მათი ყველას ეშინია, ევროპაშიც კი“, - თქვა კოლოვატიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 18 ტურის შემდეგ 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, პირველი წრის ბოლო ტურში კი 21 იანვარს, „სალერნიტანას“ სტუმრად შეხვდება.