ავსტრალიის ღია პირველობის დროს, მელბურნ პარკის ტერიტორიაზე რუსეთის და ბელარუსის დროშების გამოფენა აიკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალიაში უკრაინის საელჩომ, დროშებთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. აკრძალვას რუსეთის საელჩო გამოეხმაურა, რომელმაც ამ ფაქტს „სამწუხარო“ უწოდა.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში უკრაინის ელჩმა ვასილ მიროშნიჩენკომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ როდესაც უკრაინელი კატერინა ბაინდლი თამაობდა, კორტის შიგნით, რუსეთის დროშა ფრიალებდა.
„მტკიცედ ვგმობ რუსეთის დროშის საჯარო გამოფენას მაშინ, როდესაც უკრაინელი ჩოგბურთელი, კატერინა ბაინდლი თამაშობდა. ტენის ავსტრალიას მოვუწოდებ, „ნეიტრალური დროშის“ პოლიტიკა გაატაროს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში. ავსტრალიის ჩოგბურთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა მოთხოვნა და რუსული და ბელარუსული დროშების ტრიბუნაზე შეტანაც აკრძალა.
ბელარუსმა ჩოგბურთელმა არინა საბალენკამ განაცხადა, რომ მას ესმის, რომ ამ ორი ქვეყნს დროშების გამოფენას, უკრაინელ ჩოგბურთელებზე უარყოფითად ზემოქმედება შეუძლია: „მე ვფიქრობდი, რომ სპორტს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ თუ ასე ყველა უკეთ იგრძნობს თავს, მაშინ ასე იყოს. რა შემიძლია გავაკეთო? ვერაფერს შევცვლი“.