„მილანი“ მაიკ მენიოს გამო ახალ მეკარეს ეძებს და ჯანლუიჯი ბუფონი დაუკავშირეს. იტალიური მედია იტყობინება, რომ პაოლო მალდინი, რომელიც „როსონერის“ გენერალური მენეჯერია, ყოფილ თანაგუნდელს იტალიის ნაკრებიდან, უკვე ესაუბრა.
შეხვედრა ერთი კვირის წინ „ინტერისა“ და „პარმას“ მატჩის დასრულების შემდეგ შედგა, რომელიც მილანში გაიმართა. უცნობია ბუფონის პოზიცია შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა, წერენ, რომ იანვრის ბოლომდე, როცა სატრანსფერო ფანჯარა იხურება, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
ჯიჯი ბუფონს „პარმასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და „მილანში“ მის გადასვლაზე მიმდინარე სეზონის ბოლომდეა საუბარი. აღსანიშნავია, რომ მენიო ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს.
ბუფონის ტრანსფერზე ჰკითხეს „როსონერის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის, მაგრამ მან ბევრი არაფერი თქვა: „ეს ბომბი იქნება. ცოტა ხანში ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელება და სრული შემადგენლობა გვეყოლება“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა „პარმაში“ დაიწყო, შემდეგ „იუვენტუსში“ 19 სეზონი გაატარა, ხოლო ერთი „პარი სენ ჟერმენში“. 2021 წელს ის „პარმაში“ დაბრუნდა. ბუფონი 44 წლისაა, მაგრამ 28 იანვარს 45 წლის გახდება.